სეოკ-ის აღმასკომის წევრი თემატურ ლექციებს უძღვება

08 თებერვალი 2013

ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონალური ორგანიზაცია ახორციელებს რეგიონალურ პროექტს, რომლის მიზანია: ოლიმპიზმის თემაზე ლექციების ჩატარება, ოლიმპიურ მოძრაობაზე ზოგადი თეორიული ცოდნის გაღრმავება და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია. ლექციების თემატიკა დატვირთულია - ოლიმპიური სპორტის ისტორიით უძველესი დროიდან დღემდე, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების საინტერესო მოვლენებითა და შედეგების სტატისტიკით, ასევე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ( მ.შ. ,,თბილისი - 2015") თემატიკით. პროექტში მონაწილეობისათვის განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს სპორტულ სკოლებსა და კლუბებში გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა და მწვრთნელებმა. ლექციების დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპზე პროექტის მონაწილეები ერთვებიან ოლიმპიურ ვიქტორინაში, რომელიც უფრო მეტად მოტივირებულს ხდის როგორც პროექტის მენეჯმენტის საქმიანობას, ასევე პროექტში ჩართული ახალგაზრდა სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაინტერესებას.

თემატურ ლექციებს უძღვება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე, რომელმაც 2-5 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში ახალგაზრდა ვაჟ ხელბურთელებს და სხვა ნორჩ სპორტსმენებს ჩაუტარა თემატური ლექცია თემაზე ,,ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - ,,თბილისი - 2015" მნიშვნელობა და პერსპექტივები".

ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალური ორგანიზაციის სამუშაო პროგრამის ფარგლებში თემატური ლექციები 2013 წლის მანძილზე ჩატარდება მთელი იმერეთის მასშტაბით.