ვარლამის პარიზული ოქრო

10 თებერვალი 2013

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 9-10 თებერვალს გამართულ "დიდი სლემის" ტურნირზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა და სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

"ბერსის" შესანიშნავ დარბაზში გაშლილ ტატამზე ირაკლი უზნაძის გაწვრთნილთაგან ამირან პაპინაშვილმა (60კგ) მკერდი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა, ირაკლი ჭრიკიშვილმა ფინალში უზბეკ იახიო იმამოვთან დასანანი მარცხი იწვნია და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) რუსი, იაპონელი, ფრანგი, უზბეკი და გადამწყვეტ შეხვედრაში კუბელი ეშლი გონსალესის ძლევით ოქროს წერტილი დასვა. ამ გამარჯვებით ვარლამ ლიპარტელიანმა ჩემპიონობასთან ერთად 500 სარეიტინგო ქულაც მიითვალა.

ჩვენს გუნდს მორიგი ტურნირი დიუსელდორფში ელის, სადაც უკვე საქმეში ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორს ლაშა შავდათუაშვილსაც ვიხილავთ.