არის თუ არა დაბალი ტელე-რეიტინგი ჭიდაობის მთავარი პრობლემა?

13 თებერვალი 2013

12 თებერვალს სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული სკანდალური გადაწყვეტილება რეკომენდაცია გაეწიოს ჭიდაობის სახეობების (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული) 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოღებას ლოდნონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მაყურებელთა დასწრებადობის დაბალ მაჩვენებელს და ტელევიზიების მხრიდან პირდაპირი რეპორტაჟების არცთუ ისე მაღალ დაინტერესებას მიაწერენ.

ეს გადაწყვეტილება სოკ-ის აღმასკომაა ლონდონის თამაშებზე 26-ვე სპორტის სახეობაზე დეტალური დაკვირვების შემდეგ სოკ-ის კომისიის დასკვნის შედეგად მიიღო. დასკვნა 39 კრიტერიუმისგან შედგებოდა, სადაც აღნიშნული იყო სატელევიზიო რეიტინგები, დოპინგთან ბრძოლა, ბილეთების გაყიდვები და ა.შ. ფარული კენჭისყრის შედეგად რვამ მხარი ჭიდაობის ამოღებას დაუჭირა, ხოლო თანამედროვე ხუთჭიდსა და ბალახის ჰოკეის 3-3 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

ლოგორც სოკ-ის დოკუმენტშია ნათქვამი ლონდონში მაყურებელთა დასწრებადობის მხრივ ჭიდაობამ 10 ბალიანი სისტემით 5 ქულა მიიღო, ხოლო 166 854 ბილეთიდან 113 851 გაიყიდა. რეპორტაჟებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 58 მილიონმა მაყურებელმა მიადევნა თვალი. ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე ხუთჭიდის რეპორტაჟებით ლონდონში გაცილებით ნაკლები 33 მილიონი გულშემატკივარი დაინტერესდა, თუმცა ეს იმით ახსნეს, რომ ჭიდაობა 177 ეროვნულ ფედერაციას აერთიანებს, თანამედროვე ხუთჭიდი კი 108.

აღსანიშნავია, რომ ჭიდაობა ანტიკური ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 708 წელს დაუშვეს, ხოლო თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღდგენის შემდეგ 1896 წელს ათენში იგი პროგრამაში პირადად ბარონ პიერ დე კუბერტენის ინიციატივით შეიტანეს.