პირველი მედლები ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
27 ივლისი 2011
,,დღეს ვერაფრით გაგახარეთ, მაგრამ ღმერთი ისე როგორ გაგვწირავს აქედან უმედლოდ დავბრუნდეთ. ახლაც ვერ გამიგია მამისაშვილს რა დაემართა, არადა მალტაში კონტინენტის პირველობა ერთი ამოსუნთქვით მოიგო. სტარტზე იტალიელთან მოგების შემდეგ იმედი მქონდა ვანოს მეორე სუნთქვა გაეხსნებოდა, მოსათელ ოთახშიც გავამხნევე და რჩევები მივეცი, მაგრამ ალბათ გუშინ მისი დღე არ იყო" - წუხდა ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს განცდილი ფიასკოს შემდეგ გიორგი ვაზაგაშვილი. ხასიათი მთავარ მწვრთნელს ოდნავ გუშინ გამოუკეთდა, როდესაც მისმა შეგირდებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიგეს, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.
ვაზაგაშვილს საფიქრალი ნამდვილად აქვს, რადგან სულ მალე კიეში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. ზვიად ხუბულურმა და ვანო მამისაშვილმა იმდენად უგერგილოდ იჭიდავეს, რომ ვშიშობდით ამას გუნდზე უარყოფითად არ ემოქმედა. თავად განსაჯეთ, ორივე მათგანმა ასპარეზობა ისე დაასრულა, რომ ერთი ილეთიც არ შეუსრულებიათ. გასაგებია, რომ ყველგან და ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ მთავარია გამარჯვების წყურვილი გქონდეს და ლტოლვა გეტყობოდეს. შამწუხაროდ, იმ დღეს მათში ბრძოლის ჟინი არ ჩანდა. ამ ამბავმა ერთი შემთხვევა გამახსენა, რომელიც 2001 წლის მურსიის ანალოგიურ თამაშებზე მოხდა. მაშინ ძიუდოისტი ჯარჯი ზვიადაური საქართველოს ღირსებას იცავდა და ერთ-ერთი შეხვედრისას მეტოქემ იგი ვაზარზე დააგდო. იმ მომენტში ჯარჯის თვალები და შეშლილი სახე ეხლაც არ ამოდის ჩემი მეხსიერებიდან. ტატამიდან წამოდგა, ტაბლოს გახედა, კიმონო გაისწორა და მეტოქე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაჭმუჭნა. რა გასაკვირია, რომ კარგი დღე არც სხვებს დასდგომიათ და მაშინ ჯარჯი ზვიადაური, ეხლა კი უკვე ილიას ილიადისი, ჩემპიონი გახდა.
მოდით ისევ ტრაბზონულ ამბებს დავუბრუნდეთ. ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთში ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა და გუნდურში გამარჯვებაც გადაუჭრელ ამოცანად არ მიიჩნეოდა. ტრაბზონული რვავეულიდან შვიდი ძიუდოისტი ევროპირველობის მედალოსანია და ფესტივალზეც ევროპიდან თითქმის იგივე შემადგენლობა შეიკრიბა, რაც ერთი თვის წინ მალტაში. გუშინ ძიუდოში მედლები ქალთა შორის 52,57, ხოლო ვაჟებში 60,66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. სიურპრიზი შემოგვთავაზა მარიამ ჯანიაშვილმა (57კგ), ვინც საწყისი შეხვედრა იტალიელ ჟულია კორიერისთან კი დათმო, მაგრამ შემდეგ ისლანდიელ, ფინელ და უკრაინელ მეტოქეებს დამაჯერებლად მოუგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება გაინაღდა.
გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გვპირდებოდა, რომ ერთი მედლის მოპოვება რეალური იყო და შეგირდსაც მასწავლებლის იმედების გასამართლებლად სულ ცოტა დააკლდა. III ადგილისთვის შეხვედრაში ჯანიაშვილი წლევანდელ ევროპის ჩემპიონს ჰოლანდიელ ველემა დოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ ერთი იუკოთი წააგო. გოგონებში მეორე მონაწილემ მარიამ ციხელაშვილმა სტარტზე იტალიელ დანიელა რაისთან, ხოლო შემდეგ პოლონელ დობროვოლსკისთან წააგო და ასპარეზობაც ამით დაასრულა.
ვაჟთა შორის ტატამზე ევროპის ვერცხლის პრიზიპიორი თამაზ კირაკოზაშვილი (60კგ) და გიორგი მუზიაშვილი გავიდნენ და ორთავემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ნიშანდობლივია, რომ მუზიაშვილი ტრაბზონში მომავალ ავტობუსს ზურაბიანის ტრამვის გამო ბოლო წამს შეახტა და მანაც მწვრთნელს იმედები არ გაუცრუვა. მართალია მან სტარტზევე წააგო თურქ მურატ ბექთაშთან, თუმცა შემდეგ დამამშვიდებელში იყოჩაღა. მონტენეგროელ, ჰოლანდიელ და უკრაინელ კიმონოისტებს შანსი არ დაუტოვა და მკერდიც ბრინჯაოთი დაიმშვენა.
თამაზ კირაკოზაშვილზე მწვრთნელები უპირობო მედალს გეგმავდნენ. ის კი არა, მისი საჩემპიონო შანსებიც აქტიურად განიხილებოდა. საწყისი ორი შეხვედრა მან იტალიელ და ჰოლანდიელ მეტოქეებთან დამაჯერებლად გაიარა, ხოლო რაც ისრაელის წარმომადგენელ ალექსანდრე რასკოპინთან მოხდა, ამას ძნელია ახსნა მოუძებნო. ქართველი გაფრთხილებით კი აგებდა, მაგრამ შემდეგ ორი 100 პროცენტიანი გდება შეასრულა და არცერთი არ ჩაუთვალეს და საბოლოოდ გამარჯვებაც აღთქმული მიწის ქვეყნის ძიუდოისტს დარჩა. რეპესაჟში ,,კირაკოზამ" ერთი-მეორის მიყოლებით გააკრა ბეჭებზე ფინელი, მოლდოველი, ბოსნიელი და ბრიტანელი მეტოქეები და ბრინჯაოს დაეუფლა.
პირველი დღისგან განსხვავებით მძლეოსნები ოდნავ გამოფხიზლდნენ და გუშინ გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენეს. სამხტომში ახმეტელმა ლაშა ღულელაური 15,28 მეტრზე გადახტა და ფინალში - საუკეთესო 12 მონაწილეში შევიდა. სხვათა შორის ღულელაურს დილით ტრამვა აწუხებდა და ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ყველაფერი გააკეთა მის ფეხზე დასაყენებლად. როგორც მწვრთნელები ამბობენ, დიდი შანსია დღეს ღულელაურმა მედლის რაიონში იტრიალოს და რომელიმე სინჯსაც გამოჰკრას ხელი. სხვათაშორის, ახლახანს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი ლაშამ 20 სანტიმეტრით გააუმჯობესა. 200 მეტრზე სირბილში სალომე სირაძემ კვალიფიკაცია გადალახა და ნახევარფინალში გავიდა, ხოლო იგივე დისციპლინაში გიორგი აზარაშვილს ხელი მოეცარა. რაც შეეხება თინათინ პაპუაშვილს იგი 1500 მეტრზე სირბილში მე-8 იყო.
დღეს ასევე ასპარეზობაში ჩაერთვებიან ძიუდოისტები ლევან გუგავა (73კგ) და ბექა ღვინიაშვილი (81კგ). გული გვიგრძნობს ოქროს უნდა გავუსინჯოთ გემო.
აღდგომა და ხვალეო. იმედია ხვალინდელი რეპორტაჟი ოქროს მედლით გამოწვეული სიხარულითა და ემოციებით იქნება გაჟღენთილი.