რიჩარდ სალერი: გვიგულეთ თქვენს გვერდით

14 მაისი 2013

რიჩარდ სალერი: გვიგულეთ თქვენს გვერდით

გერმანული სპორტული ფირმა "სალერი" ევროპაში საკმაოდ პოპულარულია. საერთაშორისო სარბიელზე, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებში ამ ბრენდის ნაწარმით არაერთი სპორტსმენი არის შემოსილი. ის, რომ "სალერის" სპორტული ეკიპირებით ფეხბურთში პირველი და მეორე ბუნდესლიგის 8 კლუბი სარგებლობს ალბათ ბევრ რამეზე მეტყველებს

საქართველოში "სალერი" 2008 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო 2012 წელს თბილისში გერმანული ფირმის სავაჭრო ცენტრიც გაიხსნა.
14 მაისს "სალერის" პრეზიდენტი რიჩარ სალერი და იბერია ბიზნეს-ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი სეოკ-ის პრესიდენტს ლერი ხაბელოვს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს და გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს შეხვდნენ. აღმოჩნდა, რომ რიჩარდ სალერი ჩვენი ქვეყნის დიდი მოყვარული ყოფილა და სამომავლოდ აქ დასახლებასაც გეგმავს. იგი ამავდროულად ქველმოქმედიცაა და სპორტზეც ფანატურად არის შეყვარებული.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, თუმცა იქვე სპონტანურად გადაწყდა, რომ "სალერი" მონაწილეობას მიიღებს 23 ივნისს დაგეგმილ საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ გარბენის ღონისძიებებში და პრიზიორებს სპორტული ეკიპირებით დააჯილდოებს.

"მოხარულნი ვიქნებით თუ მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ქართული სპორტის წინსვლაში. გვსურს თქვენს პარტნიორად გვიგულოთ. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება სეოკ-თან თანამშრომლობა" - აღნიშნა რიჩარდ სალერმა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა რიჩარდ სალერს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის და ქართული სპორტით დაინტერესებისთვის. მისი თქმით მიმდინარე ოლიმპიურ ციკლში წინ არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გველის და შესაძლებელია, კარგიც იქნება თუ ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ.

შეხვედრის დასასრულს გერმანელმა სტუმარმა სეოკ-ის მუზეუმი დაათვალიერა.