შეხვედრა სეოკ-ის რეგიონალურ ორგანიზაციებთან

ჩვენს ქვეყანაში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის წინსვლა დიდად არის დამოკიდებული რეგიონებში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. სასიამოვნო ძვრები შეინიშნება გურიაში, სადაც თანამედროვე სტანდარტების სპორტული ბაზა შენდება და ამის შესახებ ახლადაღდგენილ ჟურნალ "ოლიმპიელის" ნომერშიც ვრცლად არის მოთხრობილი. სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების კუთხით მუდამ აქტიურობს იმერეთის რეგიონიც, არაერთი მაღალი დონის სპორტსმენი აღუზრდია ქართლ-კახეთს და სხვა რეიონებს.
15 მაისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში შეხვედრა შედგა სეოკ-ის რეგიონალურ ორგანიზაციებთან, რომელსაც პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსზე, ნორმალური ფუნქციონირებისა და სპორტული აქტივობების ჩატარების მხრივ სეოკ-იდან მათი დაფინანსების შესახებ და სამომავლო ურთიერთობებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა 23 ივნისს დაგეგმილ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო გარბენს, რომელიც უპრიანი იქნება თუ დედაქალაქს გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. სეოკ-ი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეგიონებს აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
მსგავსი ტიპის შეხვედრები სეოკ-ის რეგიონალურ ორგანიზაციებთან ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება.