ნენად ლალოვიჩი ფილა-ს პრეზიდენტია

19 მაისი 2013

2013 წლის 16 თებერვალს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს რაფაელ მარტინეტის, რომელიც ფილა-ს 2002 წლიდან ხელმძღვანელობდა, ამ ორგანიზაციის ბიუროს საგანგებო სხდომაზე უფლებამოსილება შეუჩერეს და თანამდებობიდან გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სოკ-ის მიერ სერიოზულად დაისვა საკითხი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის ამოღების შესახებ.

დროებით FILA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ნენად ლალოვიჩს დაევალა, რომელიც მარტში ევროპის ჩემპიონატის პერიოდში თბილისშიც იმყოფებოდა და ქართული სპორტის ხელმძღვანელებსაც შეხვდა.

19 მაისს, მოსკოვში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის რიგგარეშე კონგრესი გაიმართა, სადაც სერბი ფუნქციონერი ფილა-ს თავკაცად ოფიციალურად აირჩიეს, ლალოვიჩმა 125 ხმა მიიღო 7-ის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია, რომ საკუთარი კანდიდატურა კვლავ წამოაყენა ექს-პრეზიდენტმა რაფაელ მარტინეტიმ, თუმცა ბოლო მომენტში კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ნენად ლალოვიჩი FILA-ს საქმიანობას 2014 წლამდე, ამ ორგანიზაციის მომდევნო კონგრესამდე გაუძღვება.