ვის გაუმართლებს ბუენოს-აირესში?
მაისის მიწურულს, სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალურ სხდომაზე გადაწყდა, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში მოსახვედრად ჭიდაობის სახეობები, ბეისბოლი და სკვოში იბრძოლებენ. ნევისპირა ქალაქში პრეზენტაცია 8 კანდიდატმა სპორტის სახეობამ წარმოადგინა, რომელთა შეჯამების შემდეგაც სოკ-ის აღმასკომმა რეკომენდაცია სწორედ ზემოთნახსენებ 3 სახეობას გაუწია. საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში ბუენოს-აირესში გასამართ სოკ-ის სესიაზე მიიღება და აქედან ერთ-ერთი ოლიმპიადის პროგრამაში ჩაერთვება.
ვის გაუმართლებს არგენტინის დედაქალაქში? 7 სექტემბერს მსოფლიო ოლიმპიური ოჯახის ყურადღება სწორედ ბუენოს-აირესისკენ იქნება მიმართული.
სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი, რომელმაც მედიას მცირე ინტერვიუ მისცა:
- ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი მოვიგეთ და წინ უფრო დაძაბული მეორე ნახევარი გველის. ჩვენ უდიდესი შრომა გავწიეთ და ბუენოს-აირესის სესიისთვის ორმაგად უკეთ უნდა მოვემზადოთ, თუმცა ისიც ვიცით, რომ გულხელდაკრეფილი არც ბეოსბოლისა და სკვოშის ფედერაციის ხელმძღვანელები ისხდებიან.
- ბოლო ხანს ჭიდაობაში ბევრი ცვლილება განახორციელეთ...
- წესების შეცვლა საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ეს ჭიდაობის მომავლისათვის იყო აუცილებელი. უკვე განხორციელებული ცვლილებების მეტად დასახვეწად მძიმე სამუშაოები გველის. მწვრთნელებს, მსაჯებს და განსაკუთრებით მოჭიდავეებს წესებთან შესაგუებლად ალბათ დრო დასჭირდებათ. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. ჩვენი მიზანია სოკ-მა არჩევანი ჭიდაობაზე ისე გააკეთოს, რომ ერთი კითხვის ნიშანიც არ არსებობდეს.






