„სამსუნგ ელქტრონიქსი" სეოკ-ის ახალი პარტნიორია
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს კიდევ ერთი მძლავრი პარტნიორი შეემატა. „ავერსსა" და „სოკართან" ერთად, ამიერიდან სეოკ-ს სპონსორობას კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსი" გაუწევს, თანაც საუბარი უვადო თანამშრომლობაზეა.
სეოკ-ის შტაბ-ბინაში გამართულ ღონისძიებაზე ლერი ხაბელოვმა და „Samsung Electronics"-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჩოი სინ სიკმა მემორანდუმს ოფიციალურად მოაწერეს ხელი. აღნიშნული კომპანია მზად არის სეოკ-ს გაუწიოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება, ერთობლივად განახორციელონ ცალკეული ოლიმპიური პროგრამები და პროექტები, მონაწილეობა მიიღოს ქართველი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებისა და ახალგაზრდული ფესტივალებისთვის მზადებაში, ნიჭიერი და წარმატებული ათლეტების წახალისებაში.
„მოხარულნი ვართ, რომ მსოფლიოში ისეთმა ძლიერმა კომპანიამ, როგორიც „სამსუნგ ელექტრონიქსია" ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მივესალმებით და რწმენას გამოვთქვამთ, რომ ერთობლივი ძალისხმევა ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგს მოიტანს და რაც მთავარია ქართული ოლიმპიური მოძრაობისთვის იქნება ნაყოფიერი"-აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
„მოგეხსენებათ ჩვენი კომპანია საერთაშორისო ოიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია და შესაბამისად სპონსორობას ვუწევთ არაერთ მაღალი დონის სპორტულ ფორუმებს. სეოკ-თან თანამშრომლობას სიამოვნებით დავთანხმდით და შევეცდებით ქართული სპორტის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-რეზიდენტები ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ხოლო „სამსუნგ ელექტრონიქსის" მხრიდან ყაზახეთისა და შუა აზიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და ახალგაზრდა სპორტტსმენები.
პირველი ღონისძიება, რომელიც „სამსუნგ ელექტრონიქსის" სპონსორობით გაიმართება 23 ივნისს, ოლიმპიური დღის ფარგლბეშია დაგეგმილი და მისი დევიზია - იმოძრავე, ისწავლე, აღმოაჩინე.






