ექვსი კანდიდატი და ერთი სავარძელი

12 ივნისი 2013

სექტემბერში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგით 125-ე სესია არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება დახუნძლული. გარდა იმისა, რომ ბეისბოლს, სკვოშსა და ჭიდაობას შორის უნდა გაირკვეს  ის ერთი იღბლიანი სპორტის სახეობა, რომელიც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში შევა, სესიამ ამ ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

ბელგიელი დოქტორი ჟაკ როგი სოკ-ს 2001 წლიდან ხელმძღვანელობს.   10 სექტემბერს, ბუენოს-აირესში, მისი 12 წლიანი მმართველობის ხანა დასრულდება და მსოფლიო ოლიმპიურ ოჯახს ახალი წინამძღოლი ეყოლება.

ამ საპასუხისმგებლო თანამდებობისთვის საბოლოოდ ექვსი კანდიდატი იბრძოლებს, რადგან განაცხადების მიღების ვადა უკვე ამოიწურა.

თომას ბახი, სერგეი ბუბკა, რიჩარდ კარიონი, მიანგ ნგი, დენის ოსვალდი და ჩინგ-კოუ ვუ შეეცდებიან სოკ-ის სესიაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე დელეგატთა  სიმპათია დაიმსახურონ.

კანდიდატები საკუთარი პრეზენტაციით 3-4 ივლისს, სოკ-ის საგანგებო სესიაზე წარსდგებიან.