"ოქროს წიგნის" პრეზენტაცია

16 ივნისი 2013

​"ქართული სპორტის ოქროს წიგნი" - ასე ქვია გამომცემლობა "პალიტრა ელის" პროექტის - "საქართველო ჩვენი ფასეულობების" ფარგლებში გამოცემულ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც შაბათს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტის, ყოფილ ჟურნალისტ ელგუჯა ბერიშვილის რედაქტორობით გამოცემულ წიგნში ქართული სპორტის ისტორიაა გაცოცხლებული. ცნობილი ქართველი ჟურნალისტები ეროვნულ, ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებზე და ქართული სპორტის სახელოვან მოღვაწეებზე მოგვითხრობენ.

"ქართული სპორტის ოქროს წიგნთან" ერთად, ამავე პროექტში შემავალი კიდევ ერთი წიგნის - "საქართველოს ბუნების" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევითა და ნებით განხორციელდა. ილია II ეროვნულ ბიბლიოთეკას პირადად ესტუმრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად. დარბაზში ქართული ხელოვნებისა და სპორტის ვარსკვლავებიც მრავლად შეიკრიბნენ.

"ეს არის სიყვარულით გაკეთებული წიგნი და სასიხარულოა, რომ ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ჩვენს პატრიარქს დავპირდით წიგნის დაგეგმვისას. მადლობა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ "ქართული სპორტის ოქროს წიგნი" ცნობილი ქართველი სპორტსმენების მიღწევების დაფასებაა, მომავალი თაობისთვის კი ბრწყინვალე გზამკვლევი.