ოლიმპიური მარათონი თბილისში
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური მარათონი და ბუნებრივია, გამონაკლისი არც წელს ყოფილა.
შეიძლება ითქვას, რომ წლეულს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ყველაზე გრანდიოზული მარათონი მოეწყო, რომლის სპონსორიც კომპანია ``სამსუნგ ელექტრონიქსი`` იყო. თავისი წვლილი შეიტანა ``თბილისი 2015``-ის საორგანიზაციო კომიტეტმაც.
ოლიმპიურ გარბენში, ფილარმონიიდან მშვიდობის ხიდამდე მონაწილეობა მიიღეს სეოკ-ისა და სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდა სპორტსმენებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა, მოხალისეებმა და ა.შ. გამარჯვებული გიორგი შეკრელიძე გახდა (8.23 წუთი).
ფინიშის შემდეგ რიყის პარკში გაიმართა შეჯიბრებები ფეხბურთში, კალათბურთში და ა.შ. გარბენის ყველა მონაწილეს დაურიგდა სპეციალური მაისური, კეპი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომი. გამარჯვებულებმა მიიღეს ფასიანი საჩუქრებუ, სპორტული წიგნები და სხვადასხვა პრიზები. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ლამაზი სპორტულ-კულტურული დღესასწაული.
„ოლიმპიური დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და მინდა ყველას მივულოცო ეს დღევანდელი დღესასწაული. გაისად სეოკ-ს 25 წელი უსრულდება და სხვა ღონისძიებებთან ერთად ოლიმპიურ დღესაც უფრო მასშტაბურად ავღნიშნავთ"- თქვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.






