ოლიმპიური დღე ქუთაისში
საერთაშორისო ოლიმპიური დღის - 23 ივნისის აღსანიშნავად ქუთაისში, ოლიმპიურ მარათონში 600 მონაწილემ, სტარტი საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს. 2 კილომეტრიან მონაკვეთზე გამარჯვებული ვანის რაიონის მორბენლები გახდნენ , ხოლო საპრიზო ადგილებზე ქუთაისელი მოყვარული სპორსმენები გავიდნენ.
ოლიმპიური მარათონის ორგანიზატორებმა ( სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე-რევაზ რობაქიძე) გაათამაშეს სხვადასხვა ნომინაციები, ,,მის-მორბენალი"- თამარ პაიჭაძე, საუკეთესო გუნდი - ქუთაისის საჯარო სკოლების მანდატურის სამსახური, ყველაზე ასაკოვანი მონაწილე -პაატა ქურციკიძე, ყველაზე პატარა მონაწილე - ნიკა გაბრიჩიძე გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ მარათონში უცხოელებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს უგანდის რესპუბლიკიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა, რომლებიც ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობან. ოლიმპიური მარათონის პარალელურად შეჯიბრებები ჩატარდა ჭადრაკში, ფეხბურტში, მაგიდის ჩიგბურთში, ტყვიის სროლაში, მოეწყო ასევე ველო-მარათონი.
ყველა მონაწილეს დაურიგდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, ოლიმპიური სიმბოლიკის სამკერდე ნიშნები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით.






