მასშტაბური მედია-ფესტივალი ბორჯომში - ბაჩოს თასი და ჯომარდობა 

10 ივლისი 2013

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, კომპანია „რაფტინგ.ჯი"-ს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და მხარდამჭერი სპონსორების ერთობლივი ორგანიზებით, საერთაშორისო სპორტული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, 6-7 ივლისს ბორჯომში მასშტაბური მედია-ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, მინი-ფეხბურთში  „ბაჩოს თასი", ხოლო  ჯომარდობაში „მოროშას თასი" გათამაშდა.

ფესტივალის პირველ დღეს, 6 ივლისს სპორტკომპლექს „ოლიმპის" მოედანზე სპორტული ჟურნალისტები გაზეთ "სარბიელის" ჟურნალისტის - ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირზე -„ბაჩოს თასზე" მინი-ფეხბურთში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, 7 ივლისს კი მასშტაბური მედია-ტურნირი ჯომარდობაში ჩატარდა "მოროშას თასზე".

"ბაჩოს თასზე" 4 გუნდი მონაწილეობდა - "ბაჩოს მეგობრები", "სარბიელი", "პრეს-მედია" და "ტელე-მედია". ტურნირის გამარჯვებული "ბაჩოს მეგობრების" გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში "სარბიელი" 4:2 დაამარცხა. მე-3 ადგილი "პრეს-მედიამ" მოიპოვა, რომელმაც პენალტების სერიაში 3:2 აჯობა (ძირითადი დრო 6:6) "ტელე-მედიას". ნახევარფინალურ შეხვედრებში "ბაჩოს მეგობებემა" "ტელემედიას" 15:7 სძლიეს, "სარბიელმა" კი "პრეს მედიას" 2:1 აჯობა.

გამარჯვებული - "ბაჩოს მეგობრები" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა ბაჩოს თასით, მედლებითა და ტურნირის მხარდამჭერის - ლუდსახარშ "ნატახტარის თასით" დააჯილდოვა. "ბაჩოს მეგობრებს" გადაეცათ "ნატახტარის" მიერ დაწესებული მთავარი პრიზიც - 500 ლარიანი ვაუჩერი რესტორან "წისქვილში". მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებზე გასული გუნდები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - თამაზ თევზაძემ, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა - გია გორგოძემ და ბაჩოს სვანიძის მამამ - გია სვანიძემ მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს.

"ბაჩოს თასის" საუკეთესო მოთამაშედ ბაჩოს მეგობრების გუნდის წევრი - ზურამ მიგრიაულიდასახელდა, ბომბარდირი ასევე ბაჩოს მეგობრების გუნდის წევრი - ოთარ მხეიძე გახდა, ტურნირის საუკეთესო მეკარედ კი "სარბიელელი" - გიორგი ვაშაკიძე მიიჩნიეს. საუკეთესო მოთამაშეებმა პრიზებად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან სპორტული ლიტერატურა მიიღეს. ტურნირს მონაწილეები "ნატახტარმა" ლუდით, "ბორჯომმა" კი წყალით მოამარაგეს.

"ბაჩოს თასის" პრიზიორმა გუნდებმა მედია-ფესტივალის მეოერ დღეს, 7 ივლისს კომპანია „რაფტინგ.ჯი"-ს მიერ ორგანიზებულ გრანდიოზულ მედია-ტურნირზე გადაინაცვლეს ჯომარდობაში, ჭითახევში მდინარე მტკვარზე სახელწოდებით - „მოროშას თასი".

ჯომარდობის ტურნირზე ჯამში 18 გუნდი ჩაერთო, რომელთა შორის გახლდათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდიც, სპორტული ჟურნალისტებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის კი დამატებით "ბაჩოს თასი" ჯომარდობაშიც გათამაშდა.

ჯომარდობის მედიატურნირის გამარჯვებული ტელეკომპანია "რუსთავი 2" გახდა, მე-2 ადგილზე "ტელე იმედი" გავიდა, მე-3 ადგილი კი ტელეკომპანია "ჯი დი ესმა" მოიპოვა.
ჯომარდობის გენერალური სპონსორის - არაყი „მოროშას" მხარდაჭერით,  პირველ ადგილზე გასული გუნდი ერთი კვირით კიევში გაემგზვრება, მეორე ადგილზე გასული გუნდი ასევე ერთ კვირას გაატარებს „შატო მერეში", მესამე ადგილოსანი კი წარმატებას თბილისის ერთ-ერთ უკრაინულ რესტორანში აღნიშნავს.

ჯომარდობაში გათამაშებული „ბაჩოს თასის" მფლობელი "სპორტ მედიის" გუნდი გახდა, რომელმაც სპორტულ ჟურნალისტთა გუნდებს შორის საუკეთესო დრო აჩვენა, ჯამში კი საპრიზო სამეულში მოსახვედრად მცირედი დააკლდა. ჯომარდობაში მონაწილე სპორტულ ჟურნალისტთა გამარჯვებული გუნდი, მედლებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, სპორტულ ჟურნალისტთა გუნდის წევრებს კი  "ნატახტარისგან" რესტორან „ნიავის" 500-ლარიანი ვაუჩერიც ხვდათ წილად.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს „ბაჩოს თასი" და მედია ჯომარდის ტურნირი - "მოროშას თასი" პირველად გაერთიანდა ერთი ქუდის ქვეშ - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტრო