უტრეხტის მოლოდინში
უტრეხტის მოლოდინში
14 ივლისს, ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში, საზეიმოდ გაიხსნება რიგით XII ზაფხულის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, შემდეგ კი ესტაფეტა თბილისს გადაეცემა და 2015 წელს ანალოგიურ სპორტულ ფორუმს სწორედ საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს.
ტიტების ქვეყანაში საქართველო სპორტის ხუთ სახეობაში (ძიუდო, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ველოსპორტი, ცურვა) 27 სპორტსმენით წარსდგება, მანამდე კი უფრო მეტი წარმოდგენისთვის აღნიშნული ფესტივალის ისტორიას გაგაცნობთ.
1990 წელს იმხანად ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (ეოკ-ი) ხელმძღვანელის, დღეს კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) პრეზიდენტის, ბელგიელი დოქტორის ჟაკ როგის ინიციატივით ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშების ჩატარების იდეა გაჩნდა. ამ შესანიშნავმა წამოწყებამ ეოკ-ისა და სოკ-ის მაღალ ეშელონებში დიდი მოწონება დაიმსახურა და უკვე 1991 წელს აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებას ეოკ-ის ეგიდითა და სოკ-ის პატრონაჟით პირველად სწორედ ჟაკ როგის სამშობლოს დედაქალაქმა - ბრიუსელმა უმასპინძლა. გადაწყდა, რომ იგი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა.
სამწუხაროდ რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბელგიაში საქართველოს სპორტული დელეგაციის გამგზავრება ვერ მოხერხდა და ჩვენმა ათლეტებმა ეს თამაშები 1993 წელს ჰოლანდიის ქალაქ ვალკენსვაარდში დააჭაშნიკეს. მას მერე კი მისი უცვლელი მონაწილენი ვართ.
ალბათ ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2003 წლიდან ფესტივალის სახელს ატარებს, სერიოზული რანგის სპორტული ღონისძიებაა.
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მიუხედავად არცთუ ისე ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიისა (22 წელი), ამ შეჯიბრს ევროპის სპორტულ რუკაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს. ის პირობითად "მცირე ოლიმპიადადაც" შეიძლება მოვიხსენიოთ და მასში მონაწილეობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად ქვეყნის პრესტიჟის საქმეა. ამაში განვლილმა თერთმეტმა ასპარეზობამაც დაგვარწმუნა, რომლებშიც "ბებერი კონტინენტის" სახელმწიფოთა აბსოლიტური უმრავლესობა საკმაოდ სოლიდური დელეგაციებით წარსდგნენ.
ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი სპორტული შეჯიბრებები ნორჩი სპორტსმენების კიდევ უფრო დაოსტატებას უწყობს ხელს. საქართველოდან აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა მიუღიათ ისეთ სპორტსმენებს როგორებიც არიან: კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, ლაშა ჯაკობია, რატი წინამძღვრიშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ჯარჯი ზვიადაური, ლაშა გუჯეჯიანი, ივერი ჯიქორაული, გრიგოლ შინჯიკაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, მარგალიტა ჩახნაშვილი, ლადო ჩიხლაძე და ა.შ.






