ახალგაზრდა ოლიმპიელებს გზა დაულოცეს

12 ივლისი 2013

14 ივლისს, ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში სტარტს აიღებს ევროპის რიგით XII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც მედლებისთის ევროპის 49 ქვეყნის 3 ათასამდე სპორტსმენი იბრძოლებს. შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომელთაგან საქართველო ხუთში (ძიუდო, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ცურვა, ველოსპორტი) 27 სპორტსმენით წარსდგება. საქართველოს დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიას გიორგი ესაკია.

12 ივლისს, სეოკ-ის ოფისში დელეგაციის გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონიალი შედგა. „უტრეხტი 2013"-ის მონაწილეებს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა თამაზ თევზაძემ და აკაკი ლოდიამ, ასევე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლებმა მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

უტრეხტსის ფესტივალს, სადამკვირვებლო მისიით „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან . მომდევნო, ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სწორედ საქართველოს დედაქალაქი მიიღებს. ჰოლანდიაში, თამაშების დახურვის ცერემონიაზე თბილისი 2015-ის ვიდეო-პრეზენტაცია მოეწყობა, შემდეგ კი თამაშების დროშას თბილისის მერი გიგი უგულავა და თბილისი 2015-ის წარმომადგენელი ჩაიბარებენ

ფიცი გუნდის სახელით ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ დადო, ხოლო უტრეხტში გაახსნის ცერემონიალზე საქართველოს მედროშე, ძიუდოში ევროპის ჩემპიონი, მარიამ ჯანაშვილი იქნება.