ძველი ქალაქი დიდი გულით
ძველი ქალაქი დიდი გულით. ეს არის 320 ათასიანი უტრეხტის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. 13 ივლისს, შუადღეს საქართველოს დელეგაცია უტრეხტში, რომელიც ამსტერდამიდან ნახევარი საათის სავალზეა და ჰოლანდიაში სიდიდით მესამე ქალაქია ჩამოვიდა და ოლიმპიურ სოფელში განთავსდა, რომელიც საუნივერსიტეტო კოლეჯის საერთო საცხოვრებელშია განლაგებული.
ორგანიზაციული თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე რომ ვერ არის ეს პირველივე წუთებიდანვე გამოჩნდა, როდესაც ჩვენს გუნდს დაახლოებით ორი საათი მოუხდა ცდა სანამ დაგვაბინავებდნენ. კვების მხრივაც ქაოსური ვითარებაა. რაციონი მწირია და ცოტა, მაგრამ თუ გაგიმართლა და საჭმელი შეგხვდა დიდი შანსია დანა-ჩანგალი აღარ იყოს და ოფლით მოპოვებულ ულუფას კოვზით ან სულაც ორი დანით შეექცე. სპორტულ ბაზებზე ტრანსპორტირებაც უცნაურად ხდება. მოკლედ, ბევრი წუნია და ამას ჰოლანდიელებისგან არავინ მოელოდა. არაერთი ქვეყნის დელეგაციებიც უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავენ და ხშირად მოჰკრავთ ყურს - თუ არ შეეძლოთ ვინ აძალებდათ მასპინძლობათო.
14 ივლისს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე უტრეხტის ცენტრალურ სტადიონზე ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება, ხოლო 15 ივლისიდან შეჯიბრებებიც დაიწყება.
ქართველ სპორტსმენთაგან ასპარეზობაში პირველნი ჩოგბურთელები და მძლეოსნები ჩაერთვებიან.






