რიჩარდ ნორლანდი: საქართველოში ოლიმპიური სულისკვეთებაა

30 ივლისი 2013

 

30 ივლისს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი სტუმრობდა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საპატიო სტუმარს ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია გააცნეს. მიაწოდეს ინფორმაცია თბილისი "2015"-ის თაობაზე და გაისად სეოკ-ის დაარსების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე, ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ სეოკ-ი არაერთი ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და კარგი იქნებოდა თუ აშშ-ს ეოკ-თანაც გაფორმდებოდა მემორანდუმი. იქვე ხუმრობით დასძინა, რომ პირველად მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში სწორედ რიჩარდ ნორლანდის სამშობლოში, კერძოდ კოლორადოში გახდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს დებიუტი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, 1996 წელს, ატლანტაში შედგა.

„ უპირველესად, მინდა მადლობა მოგიხადოთ 23 ივნისს ოლიმპიური დღისადმი მიზღვნილ გარბენში მონაწილეობისთვის. სასიამოვნოა, რომ გამონახეთ დრო და ოლიმპიურ კომიტეტში გვეწვიეთ. ჩვენი და თქვენი ქვეყნის სპორტის ბიუჯეტი ერთმანეთს ვერც შეედრება, მაგრამ სპორტული ტრადიციებით მართლაც მდიდრები ვართ"- აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

" მოხარული ვარ, რომ დღეს ოლიმპიურ კომიტეტში ვარ. ჩვენ ქვეყნებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები აკავშირებთ და რა თქმა უნდა სპორტშიც გგულშემატკივრობთ.

ვიცი, რომ საქართველო დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა. ისიც ვიცი, რომ 2015 წელს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობა გელით. ოლიმპიადა ძალზედ ამაღელვებელი ფორუმია. ახლახანს, მარათონში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოში ოლიმპიურ სულისკვეთებას ბევრი ადამიანი იზიარებს. მინდა წარმატებები გისურვოთ"- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

შეხვედრის დასასრულს, აშშ-ს ელჩმა ოლიმპიური ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერა.