სეოკ-მა უტრეხტის ფესტივალი შეაჯამა

31 ივლისი 2013

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში დასრულებულ ევროპის რიგით XII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან ქართველი სპორტსმენები 8 მედლით (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) დაბრუნდნენ და თამაშებში მონაწილეობის მანძილზე, მოპოვებული მედლების მხრივ საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ტრადიციულად, დამაჯერებლად იასპარეზეს ძიუდოისტებმა. რვიდან შვიდი მედალი სწორედ ირაკლი ცირეკიძის გუნდის ანგარიშზეა, არანაკლებ სასიხარულო იყო ჩოგბურთელ გოგონათა წარმატებაც.

სეოკ-ის ხელმძღვანელობამ, სპორტმენებს გარჯა დაუფასა და ყველა მედალოსანს მწვრთნელებთან ერთად ფულადი ჯილდო გადასცა. "უტრეხტში ნაჩვენები შედეგით ძალზედ კმაყოფილი ვართ. 8 მედალი და გუნდური მე-13 ადგილი ურიგო მაჩვენებელი არაა. მთავარი დამრტყმელი ძალა ძიუდოისტები იყვნენ და მათაც იმედები გაგვიმართლეს. მათი ჭიდაობის ხილვა ერთ სიამოვნებად ღირდა. გაგვახარეს ჩოგბურთელებმაც. იმედი მაქვს, მომავალი ფესტივალი, რომელსაც 2015 წელს თბილისმა უნდა უმასპინძლოს, კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იქნება"- განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.