გენო პეტრიაშვილის მძიმე ბრინჯაო

18 სექტემბერი 2013

სპორტის ქართველი გულშემატკივარი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონს 8 წელია ამაოდ ელის. 2005 წელს ეს ტიტული რევაზ მინდორაშვილმა მოიპოვა, შემდეგ კი პეკინში ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რევაზ მინდორაშვილი ამჯერად უკვე ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგშია, მაგრამ მისმა შეგირდებმა თავი დიდად ვერ გამოიჩინეს.
გიორგი ედიშერაშვილი, დავით მარსაგიშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ის ფალავნები არიან, რომელთაგანაც გაცილებით მეტს ველით, ვიდრე მათ უნგრეთის დედაქალაქში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე აჩვენეს.

ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, ქართველთაგან ერთადერთი ნათელი წერტილი 19 წლის გორელი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (მძიმე წონა) იყო. მან ბუდაპეშტში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და სეზონიც ორი ბრინჯაოს დუბლით დაასრულა. შგახსენებთ, რომ პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზეც იგივე შედეგი აჩვენა.

ჩვენებურმა შეჯიბრი ორი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. ინდოელ და რუმინელ მოწინააღმდეგეებთან პეტრიაშვილის უპირატესობა საგრძნობლად დიდი იყო. ნახევარფინალში იგი რუსეთის ნაკრების წევრ ჰაჯიმურად გაცალოვთან დამარცხდა, ხოლო რეპეშაჯის ფინალში ჩინელ ჟივეი დენგს მოუგო.