გერმანიში სოჭის ლიცენზიებისთვის
26 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ობერსთდორფში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ფიგურულ ციგურაობაში, სადაც სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ნაწილდება. ტურნირზე ძირითადად თავი იმ სპორტსმენებმა მოიყარეს, რომელთაც კანადაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელი მოეცარათ და ოლიმპიური საგზური ვერ მოიპოვეს.
ობერსთდორფის ყინულზე, სხვებთან ერთად ელენე გედევანიშვილი და ოთარ ჯაფარიძე-ანგელინა ტელეგინას წყვილიც მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ტურინისა და ვანკუვერის ოლიმპიადების მონაწილე ელენე გედევანიშვილი ზედიზედ მესამე თამაშების ლიცენზიისთვის იბრძვის.
მოკლე პროგრამაში ქართველმა მოციგურავემ 51.59 ქულა დააგროვა და 35 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილზეა. სოჭის ოლიმპიადის ლიცენზიას სწორედ საუკეთესო ექვსეულში მყოფი ფიგურულად მოციგურავეები მიიღებენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გედევანიშვილზე წინ მყოფმა ხუთეულმა, ოლიმპიური ლიცენზიები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაინაღდეს. ასე რომ უშუალოდ ლიცენზიებისთვის მებრძოლ სპორტსმენებში ელენე გედევანიშვილი პირველ ადგილზეა.
ლიცენზიები თამაშდება წყვილთა შორისაც. სოჭში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად 22 დუეტი იბრძვის, რომელთაგან ოლიმპიადაზე მონაწილეობის ბილეთს 5 საუკეთესო მიიღებს. ჯაფარიძე-ტელეგინას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ 45.47 ქულით მე-13 ადგილზეა, საკვალიფიკაციოში კი მეცხრეზე. სამწუხაროდ, ცეკვის დროს ჯაფარიძის მეწყვილეს კაბის შესაკრავი გაეხსნა, რამაც მათ გამოსვლას დაღი დაასვა. ოთარს და ანგელინას სალიცენზიო ზონასთან 3 ქულა აშორებთ. თავისუფალ პროგრამაში მათ სლოვაკებს უნდა აჯობონ.
გერმანიაში იმყოფებიან სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი და ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი.






