ელენე გედევანიშვილის ოლიმპიური ლიცენზია

გერმანიაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში, ქართველმა სპორტსმენმა ელენე გედევანიშვილმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში გედევანიშვილმა 144.80 ქულა მოაგროვა და 35 მოციგურავეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა, რაც სოჭის საგზურისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ელენე გედევანიშვილისთვის 7-23 თებერვალს დაგეგმილი თეთრი ოლიმპიადა ზედიზედ მესამე თამაშების იქნება. ტურინსა (2006) და ვანკუვერში (2010) მან შესაბამისად მე-10 და მე-14 ადგილები დაიკავა.
სამწუხაროდ ლიცენზიის გარეშე დარჩნენ ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას წყვილი. მათ მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დააკლდათ და რომ არა მოკლე პროგრამის დროს მომხდარი უსიამოვნო ფაქტი, როდესაც ტელეგინას კაბის შესაკრავი გაეხსნა, რამაც მათ ასპარეზობაზე უარყოფითად იმოქმედა, დიდი ალბათობით სოჭის ყინულზე წყვილთა შორისაც წარვსდგებოდით.