საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

05 ნოემბერი 2013

სპორტში დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები უაღრესად აქტუალურია და საერთაშორისო სპორტული საზოგადოების მუდმივ ყურადღებას იპყრობს. განსაკუთრებით სამწუხარო და საგანგაშოა, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა და დადასტურდა საქართველოს სპორტსმენების მიერ აკრძალული სამედიცინო პრეპარატების გამოყენების არაერთი შემთხვევა. მაგალითად, 2011-12 წლებში ჩვენს 9 სპორტსმენს დაუდგინდა დოპინგის მიღების ფაქტი და დაეკისრა შესაბამისი სანქცია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ამ ამბავს საგანგებო პრესკონფერენციით და განცხადებით გამოეხმაურა. ამასთანავე, როგორც წინა წლებში, ჩვენ ამჯერადაც მივიღეთ დამატებითი პრევენციული ზომები _ საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან ერთად მოვაწყვეთ სპეციალური სემინარი, შესაბამისი მითითებები და კონსულტაციები მიეცათ სპორტული გუნდების ექიმებს, მწვრთნელებს, სპორტსმენებს, სპორტული ფედერაციების მესვეურებს.

მიუხედავად ამისა, ამ დღეებში კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბის მომსწრენი გავხდით: ამჯერად დოპინგსკანდალში გაეხვნენ საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომელთა დოპინგ-ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა, ჩვენი ნაკრები კი მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატს გამოეთიშა. ამას, სავარაუდოდ, მოჰყვება ორწლიანი დისკვალიფიკაცია და სოლიდური ფინანსური ჯარიმა. ცალკეული პირების დაუდევრობით და უპასუხისმგებლობით, მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ჩვენი ძალოსნობის მომავალი, სერიოზული ზიანი მიადგა მთლიანად ქართული სპორტის პრესტიჟს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას, საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან ერთად, უმოკლეს ვადაში დეტალურად გამოიკვლიოს დოპინგის მიღების საქმის ყველა გარემოება და გამოავლინოს კონკრეტული დამნაშავეები.

აქვე კიდევ ერთხელ მივმართავთ ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციებს, მწვრთნელებს, ექიმებს გაატარონ ქმედითი პრევენციული ღონისძიებები, გააძლიერონ კონტროლი, მკაცრად დაიცვან მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნები, რათა მომავალში გამოირიცხოს მსგავსი ინციდენტები.