სეოკ-ი და ზეიმი რაჭაში

07 ნოემბერი 2013

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს ახლადდანერგილ ტრადიციას და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გასვლით ღონისძიებებს, რომლის მთავარი მიზანიც, ადგილობრივი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, მომავალი თაობებისთვის ოლიმპიური იდეალების გაცნობა და პროპაგანდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის პოპულარიზაციაა.

სამცხე-ჯავახეთის შემდეგ, სეოკ-ის და საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის ორგანიზებით მორიგი შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმში შედგა, რომლის რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტიც რომან კირვალიძეა. მასთან ერთად მასპინძლობა ონის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ჯაფარიძემ გასწია.

აქციაში მონაწილეობდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, ვახტანგ ბლაგიძე და დავით გობეჯიშვილი, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი თეიმურაზ აფხაზავა, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი იოსებ ბერიშვილი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პრიზიორი ესტატე გოგლიჩიძე.

საპატიო სტუმრებმა, ონის კულტურის სახლში შეკრებილ ახალგაზრდობას გაუზიარეს საკუთარი მდიდარი გამოცდილება, ისაუბრეს ზოგადად ქართული სპორტის მიღწევებზე, დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ ეხილათ ფილმი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთა გამარჯვებებზე, გაიმართა სხვადასხვა აქტივობები და სპორტული ვიქტორინა.

ნიშანდობლივია, რომ ონელმა მოსწავლეებმა ქართული სპორტის შესაშური ცოდნა გამოავლინეს და საერთოდაც მათთვის 6 ნოემბრის საღამო დიდ ზეიმად იქცა.

სეოკ-მა ონის სკოლებს გადასცა სპორტული ინვენტარი (ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის ბურთები), სხვადასხვა სახის სპორტული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე გამოცემული წიგნები და ა.შ.

მორიგ მსგავს ღონისძიებას, სეოკ-ი და ოლიმპიელთა კლუბი დეკემბერში გურიაში გამართავს.