უნგრეთის ელჩის შეხვედრა სეოკ-ის პრეზიდენტთან

08 ნოემბერი 2013

 8 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩვენს ქვეყანაში სანდრო სზაბო სტუმრობდა და სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

როგორც გაირკვა, უნგრელი დიპლომატისთვის სპორტი უცხო ხილი არ ყოფილა და საკმაოდ კარგად არის გათვითცნობიერებული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.

„უკვე ორი წელია საქართველოში ვარ და სულ მქონდა სურვილი ვწვეოდი ოლიმპიურ კომიტეტს, გამეცნო მისი ხელმძღვანელობა, რადგან სპორტი ჩემთვის ყველაფერია. ამ შენობაში შემოსვლისას განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა, თითქოს თავს საკუთარ სახლში ვგრძნობდი.

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მამამისს - დავითს კარგად ვიცნობდი. თავის დროზე პროფესიონალი ფეხბურთელი, მეკარე ვიყავი და უნგრეთის სხვადასხვა გუნდებში ვთამაშობდი. სამწუხაროდ ეროვნული ნაკრების მაისური ვერ მოვირგე. თბილისის „დინამოსა" და საქართველოს ნაკრების თამაშებს სისტემატიურად ვესწრები.

ბოლო დროს, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებთან დაკავშირებით აჟიოტაჟია ატეხილი და გვინდა არ გვინდა საზოგადოების ნაწილი მას პოლიტიკური კუთხით უყურებს. პირადად ჩემთვის მიუღებელია სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთთან გაიგივება და ვფიქრობ მართებულია, რომ მოახლოებულ ზამთრის თამაშებს ბოიკოტს არ უცხადებთ. კონფრონტაცია არაფერს მოიტანს. ალბათ თქვენი დელეგაციის უსაფრთხოებაც გარანტირებული იქნება. ზამთრის სპორტი დიდად არც უნგრეთშია განვითარებული და ოლიმპიადებზე მაქსიმუმ 10 სპორტსმენი ვმონაწილეობთ.

ქართველი სპორტსმენების წარმატება ყოველთვის მახარებს. ერთადერთხელ დამწყდა გული, როდესაც ლონდონში თქვენმა ძიუდოისტმა ფინალში მიკლოშ უნგვარს აჯობა.

სხვათა შორის, უნგრეთის ეოკ-ის პრეზიდენტიც ოლიმპიური ჩემპიონია, როგორც თქვენ, ოღონდ ტანვარჯიშში.

ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა და იმედი მაქვს არა უკანასკნელი. მინდა ქართულ სპორტს წარმატებები ვუსურვო" - აღნიშნა უნგრელმა დიპოლომატმა.

ლერი ხაბელოვმა უნგრეთის ელჩს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ პირველ დიდ წარმატებას სპორტულ კარიერაში სწორედ ბუდაპეშტში მიაღწია, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„გეთანხმებით, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის ეს ვერ ხერხდება. წინა ხელისუფლებას სურდა სოჭის თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადება, რაც მცდარი პოზიციაა. ისინი ახლაც ცდილობენ ამ მხრივ საზოგადეობისთვის საკუთარი აზრის მოხვევას.

სეოკ-მა რიგგარეშე სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოჭში გავემგზავრებით. ეს ჩვენთვის ადვილი არ ყოფილა და ამის შესახებ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ალექსანდრე ჟუკოვსაც ვესაუბრე. მეორეს მხრივ, ჩვენ დიდი ოლიმპიური ოჯახის წევრი ვართ და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთანაც გარკვეული ვალდებულებები გვაქვს.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითებს, ზაფხულში ყაზანმა მსოფლიო უნივერსიადას უმასპინძლა და ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო. როგორც მათ აღნიშნეს, ეს უნივერსიადა მათთვის გენერალური რეპეტიციაა იყო სოჭის ოლიმპიადისთვის.

უნგრეთი სპორტული ქვეყანაა და მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. მოსახლეობაც ჯანსაღის ცხოვრების წესით ცხოვრობს. არის სპორტის სახეობები, სადაც თქვენ ხართ ძლიერი, ჩვენ სუსტები და პირიქით.

მადლობას მოგახსენებთ სასიამოვნო სურვილებისთვის და უნგრულ სპორტსაც წინსვლას ვუსურვებ" - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

შეხვედრის დასასრულს სანდორ სზაბომ ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერა და ქართული სპორტის ისტორიას კიდევ უფრო ახლოს გაეცნო.