კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება
2013 წლის 11 დეკემბერს დაგეგმილ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, ქართული კალათბურთის სამყარო ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. მოქმედი პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, რომელიც ფედერაციას 2001 წლიდან მართავდა, არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. „კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას 13 წელი ვმართავდი და ამ პერიოდში ჩემი საქმიანობის შეფასება საკალათბურთო საზოგადოებისთვის და გულშემატკივრებისთვის მიმინდვია. დეკემბრიდან ფედერაციას ახალი მესაჭე ეყოლება, რომელიც მხოლოდ საკალათბურთო სამყარომ უნდა აირჩიოს. ჩემი ვალია ფედერაციის გამგეობასთან ერთად ყრილობისთვის მოვამზადო დემოკრატიული და თავისუფალი გარემო" - განაცხადა ბესიკ ლიპარტელიანმა ფედერაციის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე იგი და კალათბურთის გამგეობის სხვა წევრები ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ეწვივნენ. სეოკ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი და სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
ფედერაციამ კომიტეტის წარმომადგენლებს გააცნო საკალათბურთო ფენებთან შეხვედრების შედეგები და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრეს. სეოკ-ის ხელმძღვანელებმა ფედერაციის მესვეურებს რეკომენდაციები მისცეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები წესდების სრული დაცვით ჩაივლის.