„დეა" ოლიმპიურ მუზეუმში
უკვე წელიწადია, სეოკ-ი ულტრათანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მუზეუმს გაცილებით მეტი დატვირთვა მიეცა, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. სეოკ-ის ინიციატივით მისი კარი ახალგაზრდა თაობისთისაც ღიაა და მას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ. ამჯერად ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიას უფრო ახლოს საერო სკოლა „დეას" მოსწავლეები გაეცნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების საშეჯიბრო ექსპონანტები, რომლებითაც ისინი საერთაშორისო ასპარეზზე დიდების მწვერვალს აღწევდნენ და გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები.
„დეას" უფროსკლასელებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ვახტანგ ბლაგიძეს და მასთან ერთად ედევნებინათ თვალი პროექტ "ერთი ჩემპიონის ისტორიიდან" ფილმისთვის ამ შესანიშნავ სპორტსმენზე. სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე გამოცემულ წიგნთა კრებული, ჟურნალი „ოლიმპიელი" და სხვა სპორტული ლიტერატურა.
ვახტანგ ბლაგიძე მოსწავლეებს ესაუბრა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ზოგადად სპორტის როლსა და მის მნიშვნელობაზე და მათ მომავალ საქამიანობაში წარმატებები უსურვა.






