სტოქჰოლმის უარი ზამთრის ოლიმპიადას

18 იანვარი 2014

ჯერ სტარტი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს არ აუღია, თუმცა უკვე გამალებული მზადება და დიდი ჭიდილი მიმდინარეობს 2022 წლის თეთრი ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად.

ამ უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმის ჩასატარებლად ქალაქი სტოქჰოლმიც იბრძოდა, მაგრამ სააგენტო „რია ნოვოსტის" ინფორმაციით შვედეთის დედაქალაქი თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას აღარ აპირებს.

„დღევანდელი გადასახედიდან რთულია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მთავარ პრიორიტეტად ოლიმპიადის მასპინძლობა გაიხადოს, რადგან ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევს. ყოველთვის კარგია თქვა „კი", ვიდრე „არა", თუმცა ჩვენი ვალია ხანდახან მტკივნეული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ" - აღნიშნა სტოქჰოლმის მერმა სტენ ნორდინმა.

სტოქჰოლმის უარის შემდეგ ოფიციალურად დარჩა ხუთი კანდიდატი ქალაქი: ალმაათა (ყაზახეთი), ლვოვი (უკრაინა), პეკინი (ჩინეთი), კრაკოვი (პოლონეთი) და ოსლო (ნორვეგია).

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს კუალა-ლუმპურში, სოკ-ის 127-ე სესიაზე, 2015 წლის 31 ივლისს დაასახელებს.