სოჭის ოლიმპიადა NHL-ის მოთამაშეთა გარეშე ?
მოახლოებულმა ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა სოჭში შესაძლოა NHL-ის მოთამაშეთა გარეშე ჩაიაროს. როგორც ჰოკეის ეროვნული ლიგის ვიცე-პრეზიდენტმა ბილ დეილმა განაცხადა, არ არის გამორიცხული ორგანიზაციამ სოჭში მოთამაშეთა გაშვება გადაიფიქროს თუ რუსეთში რაიმე სახის არაჯანსაღი, საშიში სიტუაცია შეიქმნება.
„ამ ეტაპზე დარწმუნებულნი ვართ, რომ „სოჭი 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტი, რუსეთის ხელისუფლება და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა სპორტსმენებისთვის და სტუმრებისთვის უსაფრთხოების მხრივ ყველაფერი რიგზე იყოს. იმედია, 9 თებერვლამდე ისეთი რამ არ მოხდება, რაც აზრს შეგვაცვლევინებს და ჩვენს გადაწყვეტილებაში კორექტივებს შეგვატანინებს" - ციტირებს დეილის სიტყვებს კანადური ტელეარხი „TSN".
ბილ დეილის განცხადებასთან დაკავშირებით კანადური პრესა გვახსენებს, რომ ვითარება სოჭში არც ისე მარტივადაა. რუსეთის სპეცსამსახურები სამ მანდილოსან თვითმკვლელს ეძებენ, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქში აფარებდეს თავს. როგორც ცნობილია, სოჭს და მის შემოგარენს უკვე იცავს 50 ათასამდე პოლიციელი და ჯარისკაცი.
NHL-ის ვიცე-პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ მომავალში, ლიგა მოთამაშეებს მხოლოდ იმ თამაშებში დართავს ნებას მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გაიმართება.






