ფიცი დადებულია ! საქართველოს დელეგაცია სოჭში მიემგზავრება !

სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებიღა რჩება. ავსტრიის, ნორვეგიის, შვეიცარიის და სხვა რამდენიმე ქვეყნის დეეგაციები უკვე თეთრი ოლიმპიადის დედაქალაქშია. სოჭშია უკვე სოკ-ის პრეზიდენტი ტომას ბახიც.
საქართველოს დელეგაციის ნაწილი, სეოკ-ის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილისა და ვიცე-პრეზიდენტის მამუკა ხაბარელის შემადგენლობით სოჭისკენ გეზს 4 თებერვალს დილით აიღებს. მანამდე კი სეოკ-ის ოფისში სპორტსმენებთან შეხვედრა და ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა, რომესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძე ესწრებოდნენ.
სპორტსმენთა სახელით, ფიცი სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა დადო, რომელიც თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩვენი გუნდის მედროშეც იქნება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სპორტსმენთა, დელეგაციის სხვა წევრთა უსაფრთხების საკითხები და სხვა საორგანიზაციო საკითხები.
თამაშებს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი გააშუქებს. სოჭში აკრედიტებულნი არიან გაზეთ „ლელოს", საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტისა", სეოკ-ისა და სამინისტროს პრესსამსახურის ჟურნალისტები. ოლიმპიადის მიმდინარეობას ასევე ადგილზე დაესწრებიან ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის, „მაესტროსა" და „იმედის" გადამღები ჯგუფები.