ოლიმპიურ სოფელში დროშა აღმართულია

06 თებერვალი 2014

 6 თებერვალი, 14:00 საათი, ოლიმპიური სოფელი და საქართველოს დროში საზეიმო აღმართვა და ეროვნული ჰიმნი. ეს არის ოფიციალური ცერემონიალი, რომელიც ტრადიციულად, ყველა ოლიმპიურ თამაშებზე იმართება.

მანამდე კი იყო 50 წუთიანი ფრენა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიდან 2014 წლის თეთრი ოლიმპიადის დედაქალაქამდე. საქართველოს დელეგაციის ძირითადმა ნაწილმა - სპორტსმნებებმა, მწვრთნელებმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა და ჟურნალისტებმა სოჭისკენ, უფრო სწორედ ადლერისკენ გეზი დილის 10 საათზე აიღეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელებმა და ქომაგებმა გამოგვაცილეს.

ადლერის აეროპორტში, სადაც ხდება ყველა ქვეყნის გუნდების მიღება საქართველოს დელეგაციას სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი და რუსული და უცხოერი პრესისა თუ ტელევიზიის უამრავი მუშაკი დახვდა. მოკლედ, ჩვენი დელეგაციისადმი ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ოლიმპიური სოფელი, ოლიმპიური პარკი, მედია საცხოვრებელი, ოლიმპიური პარკი და სპორტული ობიექტები სწორედ ადლერშია განთავსებული, ხოლო თვითონ ქალაქი სოჭი ამ მხრივ დატვირთული არ არის. პირველადი შთაბეჭდილებებით, საორგანიზაციო კუთხით განსაკუთრებული წუნი ვერ შევნიშნეთ, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ხარვეზებმაც იმატოს. ისე ერთი კი იყო - თამაშებზე მომაგრებულმა მოხალისეებმა, რომლებმა ოლიმპიური სოფლიდან ჩვენი სასტუმროში მოყვანა ითავეს, მის ძებნას იმაზე მეტი დრო მოანდომეს, ვიდრე თბილისიდან ადლერამდე ვიმგზავრეთ.


კახა ბერიძე
სეოკ-ის პრეს-ატაშე სოჭიდან