სამი ოლიმპიური ლიცენზია შენარჩუნებულია

14 ნოემბერი 2011

პარიზში დასრულებულ მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგანაც საუკეთესო შედეგი წლევანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორმა გია მაჭავარიანმა (105 კგ) აჩვენა. მან ატაცში 187 კილოგრამი დაიმორჩილა და მცირე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, ხოლო აკვრაში 222 კილოგრამი ასწია და ორჭიდის ჯამში 409 კილოგრამი დაუგრიოვდა, რაც საკმარისი მეოთხე ადგილისთვის აღმოჩნდა. დასანანია, რომ ქართველ ძალოსანს კვარლცხბეკამდე მხოლოდ კილოგრამი დააკლდა.

პარიზის ფიცარნაგზე ასევე ძალები მოსიჯნეს გიორგი ლომთაძემ (69კგ), რომელიც სამწუხაროდ უადგილოდ დარჩა, რაულ ცირეკიძემ (85კგ) - მან მე-16 ადგილი დაიკავა, ლაშა ტალახაძემ (მძიმე წონა) - იგი ,,ბ" ჯგუფში ასპარეზობდა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. ირაკლი თურმანიძემაც (მძიმე წონა) "ბ" ჯგუფში სცადა ბედი და ასევე წარუმატებლად, ხოლო დავით გოგიამ (105კგ) საერთო ჯამში 376 კილოგრამით მე-17 ადგილი დაიკავა. საფრანგეთის დედაქალაქში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც ჰქონდა.

ქართველი ძალოსნების მთავარი ამოცანა შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაგროვებული ქულები და მოპოვებული 3 ოლიმპიური ლიცენზია უნდა შეენარჩუნებინათ, რაც ჩვენმა სპორტსმენებმა შეასრულეს და ,,ლონდონი-2012"-ისთვის სამი საგზური გაინაღდეს. ამრიგად დღევანდელი მონაცემებით სულ ქართველი ათლეტების ანგარიშზე 10 ოლიმპიური ლიცენზიაა, თუმცა დარწმუნებული ვართ ეს რიცხვი გაცილებით გაიზრდება.