„სოჭი 2014"-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ზამთრის ოლიმპიური თამაშები ნელ-ნელა ძალას იკრებს. „სოჭი 2014"-ზე უკვე გათამაშდა მედლების 39 კომპლექტი. ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ნორვეგია ლიდერობს, მას კი კვალში ჰოლანდია და აშშ უდგანან. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ დასაწყისია და საერთო გუნდურ ჩათვლაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება.
როგორც ვთქვით, უშუალოდ ქალაქ სოჭში არანაირი აქტივობა არ ხდება და ოლიმპადის ციებ-ცხელებით ადლერი, იმერეთის ველი და „კრასნაია პოლიანაა" დატვირთული.
ორგანიზაციული კუთხით შეინიშნება და დებითი და უარყოფითი მხარეებიც, რაც ზოგადად ასეთ მასშტაბურ სპორტულ ფორუმს მუდამ თან ახლავს. კარგია, რომ ყველა დახურული სპორტული ობიექტი კომპაქტურად, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზეა თავმოყრილი, აქვეა ბარის ოლიმპიური სოფელი და მთავარი პრესცენტრიც, სადაც ჟურნალისტებისთვის მართლაც იდეალური სამუშაო პირობებია, შეუფერხებლად ხდება როგორც სპორტსმენების, ისე მედიის ტრანსპორტირებაც. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია კვების საკითხმაც, თუმცა ამ მხრივაც საწუწუნო არაფერია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, რომ იტყვიან ჩიტიც ვერ გაჭაჭანებდა.
ბუნებრივია, ხარვეზებიც თვალშისაცემია. მოხალისეები სანდომიანი სახით კი გვესალმებიან, მაგრამ გამორიცხულია რომელიმემ დასმულ კითხვაზე სწორი მიმართულება მოგცენ, თუმცა ეს ზოგადად ყველა ოლიმპიურ თამაშებზე ასეა და სოჭშიც არაფერი ახალი არ აღმოგვიჩენია. ნათქვამია, რაც უფასოა იმისგან ხარისხს ნუ ელოდებიო და ალბათ ამიტომაცაა, რომ მედია სოფელში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, დიდად თავს არც ოთახების დალაგებით იკლავენ.
ქართველი სპორტსმენები „როზა ხუტორში", მთის ოლიმპიურ სოფელში, სოჭიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე იმყოფებიან. მათთან ერთად ცხოვრობს დელეგაციის მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი. სპორტსმენებიც, მწვრთნელებიც საცხოვრებელი და სავარჯიში პირობებით კმაყოფილნი არიან. გერა აბრამიშვილის თქმით, საშეჯიბრო ტრასა ხელოვნურია, თუმცა ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ევროპაშიც ხშირად უხდებათ ანალოგიური ტიპის ტრასებზე ასპარეზობა.
დიდი და სამართლიანი გამოხმაურება გამოიწვია საორგანიზაციო კომიტეტის ბაზაში, სპორტსმენთა შესახებ არსებულ მონაცემებს, სადაც რუსეთის სახელით მოასპარეზე მოთხილამურის, მარიკა პერტახიას ბიოგრაფიაში დიდი უზუსტობა იყო გაპარული. მის დაბადების ადგილად გალის რაიონი, აფხაზეთი, რუსეთი იყო მითითებული, მაგრამ სეოკ-ის ხელმძღვანელობის დროული ჩარევის შედეგად ეს პრობლემაც აღმოიფხვრა.
კახა ბერიძე
სეოკ-ის პრეს-ატაშე სოჭიდან






