ოთხი წელი უისტლერის ტრაგედიიდან

12 თებერვალი 2014

მართალია, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენებს სტარტი ჯერ არ ჰქონიათ, მაგრამ მათ მიმართ ყურადღება მაინც დიდია. დღე არ გავა ადგილობრივი თუ უცხოელი ჟურნალისტები ჩვენი გუნდით არ დაინტერესდნენ, ხოლო ელენე გედევანიშვილის ჩამოსვლას მოუთმენლად ელიან ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ჰოლანდიის, გერმანიის და სხვა პრესისა თუ ტელევიზიის მუშაკები.

ერთი ოლიმპიური ციკლი გავიდა უისტლერში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელმაც მსოფლიოს ოლიმპიური ოჯახი შეძრა. 12 თებერვალს ვანკუვერის თეთრი ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, სავარჯიშო დაშვებისას, ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ბუნებრივია, სოჭში იმყოფებიან საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები და მათი გადაწყვეტილებით, სიმბოლურად ტრაგედიიდან ოთხი წლის თავზე შედგება ამ ორგანიზაციის აღმასკომის სხდომა, სადაც ქართველ მოციგავეს გაიხსენებენ. სხდომაზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულია სოკ-ის პრეზიდენტი ტომას ბახი.

გარდა ამისა, კანადის ზამთრის კურორტზე, უისტლერში, ადგილობრივი მოსახლეობა გეგმავს ტრაგედიის ადგილზე მისვლას და ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას.

სოჭში კი სეოკ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. უკვე შედგა შეხვედრები უკრაინის, აზერბაიჯანისა და იაპონიის ეოკ-ებთან.

როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის ამ დრომდე არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, ხოლო ამ საქმეში შუამავლის როლს შვეიცარიის საელჩო ასრულებს. ამიტომაც, 12 თებერვალს, დაიგეგმა რუსეთი ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებსა და სეოკ-ის ხელმძღვანელთა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.


კახა ბერიძე
სეოკ-ის პრეს-ატაშე სოჭიდან