ბირმინგემში ულიცენზიოდ დავრჩით

18 ნოემბერი 2011

ინგლისის ქალაქ ბირმინგემში დასრულდა მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში, სადაც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც ნაწილდებოდა. საქართველოდან ბირმინგემში ორ სპორტსმენს ლუბა გოლოვინასა და თენგიზ კოშკაძეს უნდა ეასპარეზათ, თუმცა სამწუხაროდ ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ცუდად დაიწყო. შეჯიბრების წინა საღამოს ვარჯიშზე დაშავდა თენგიზ კოშკაძე და ტრამვის სირთულის გამო ექიმებმა მას ჩემპიონატში მონაწილეობა აუკრძალეს, არადა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზაურ სულაშვილის თქმით მას ლიცენზიის აღების კარგი შანსი ჰქონდა.

რაც შეეხzება ლუბა გოლოვინას მისი პროგრამა მინიმუმი საუკეთესო 8 სპორტსმენში მოხვედრა და ,,ლონდონი 2012"-ის საგზურის მოპოვება იყო. სიმართლე ითქვას ისეთი გამოცდილი სპორტსმენისთვის როგორიც გოლოვინაა ეს გადაუჭრელი ამოცანა სულაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი უხეში შეცდომა მას ფინალში ასპარეზობის და შესაბამისად ოლიმპიური ლიცენზიის დაკარგვად დაუჯდა.

საბოლოოდ ლუბა გოლოვინამ ბირმინგემში გამოსვლა 12-ე ადგილზე დაასრულა, რაც მას აქტივში ნამდვილად ვერ ჩაეთვლება. ლუბა გოლოვინას ნისლიან ალბიონზე მოხვედრის შანსი გაისად იანვარში გასამართ სალიცენზიო ტურნირზე ექნება.