პირველები
ისინი მხოლოდ ჩემპიონები არ ყოფილან, თუმცა რაღა „მხოლოდ", როდესაც საუბარი ოლიმპიურ ჩემპიონობაზეა. შესაძლოა გაცვეთილად ჟღერს, მაგრამ ყველა რიგითი ჯარისკაცის გენერლობისკენ სწრაფვისა არ იყოს, ოლიმპიური თამაშების კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე სვლაც ხომ ნებისმიერი სპორტსმენის უმთავრესი ოცნებაა.
რამდენი მაღალი დონის ათლეტი ვიცით საქართველოსა თუ უცხოეთში, ოლიმპიური ოქრო მიუღწეველ მიზნად რომ დარჩენიათ. არაერთი !
დავით ციმაკურიძემ და გივი კარტოზიამ ეს შეძლეს. კარიერის მანძილზე მათ კიდევ უამრავი ტიტული მოიხვეჭეს და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ამ ლეგენდარული ფალავნების მიერ მოპოვებული ჯილდოები ბარე 10 სპორტსმენსაც ეყოფოდა. თან რა პერიოდში, როდესაც ოლიმპიადაზე მოსახვედრად კი არა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად სხვებზე ერთი, ორი, ხუთი თავით მაღლა უნდა მდგარიყავი.
დავით ციმაკურიძე და გივი კარტოზია სწორედ ასეთები იყვნენ. სულით რაინდები !
29 მარტი ამ ლეგენდარული სპორტსმენების დაბადების დღეა. დავით ციმაკურიძეს 90, გივი კარტოზიას კი 85 წელი შეუსრულდებოდათ.
საქართველოს 34 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს, დავით ციმაკურიძე კი ამათ შორის პირველი იყო. შორეულ 1952 წელს, ჰელსინკში „ამურამ" თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა. როდესაც ფინალში, იმ დროისთვის უძლეველ ირანელ გულამ-რეზა ტახტის ამარცხებ, აქ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. 62 წლის წინ, დავით ციმაკურიძემ დაუდო სათავე ქართული სპორტის ყულაბაში ოლიმპიური ოქროს მედლების ათვლას.
საქართველო ჭიდაობის ქვეყანაა. ჩვენ გვყოლია, გვყავს და კიდევ გვეყოლება დიდი ფალავნები, მაგრამ გივი კარტოზია ალბათ საუკუნის ფალავანი იყო. მან ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა შეძლო გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გივი კარტოზიას წარმატებული სპორტული ბიოგრაფია 15 წელს იტევს, რომელიც 1956 წელს მელბურნში ოლიმპიური ჩემპიონობით დაგვირგვნინდა. 1960 წელს, რომში მან ბოლო შეხვედრა გამართა და დიდ სპორტს დაემშვიდობა. გივი კარტოზია იყო პირველი კლასიკური მოჭიდავე მსოფლიოში, რომელმაც სამივე უმაღლესი ტიტული მოიპოვა - მსოფლიოს ჩემპიონის, მსოფლიოს თასის და ოლიმპიური ჩემპიონისა.
ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ეყოლება, მაგრამ დავით ციმაკურიძე და გივი კარტოზია მუდამ პირველებად დარჩებიან.






