ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია !
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობაში, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ვანტააში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე ქართველმა ფალავანმა ყველა მეტოქეს ბდღვირი ადინა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა. საჩემპიონო გზაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ბულგარელი გეორგე ვანგელოვი (6:2), ფრანგი ზოჰეირ ელ უარაქი (7:3) და რუსი რუსტამ ამპარი (6:4) დაამარცხა, ხოლო ფინალში მონაკოს სახელით მოჭიდავეს, ევროპის ორგზის ჩემპიონს გენადი ტულბეას დააყრევინა ფარ-ხმალი.
გორელი ფალავანისთვის ევროპის ჩემპიონატებზე ეს პირველი ჯილდო არ არის. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2011 წელს ვერცხლს დაეუფლა, 2013-ში კი ბრინჯაოს, წელს კი როგორც იქნა ნანატრი ოქროს მედალიც მოიპოვა.
ოლიმპიური ჩემპიონის რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილთაგან პირველ საშეჯიბრო დღეს ბრინჯაო მედალი კონსტანტინე ხაბალაშვილმა (65კგ)) მოიპოვა. იმედი ვიქონიოთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები მიღწეულით არ დაკმაყოფილდება, მითუფრო რომ საქმეში „ლონდონი 2012"-ის კიდევ ერთი ვიცე-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი ჩაერთვება.






