მესამე ლიცენზია
ვლადიმერ აფციაურის შემდეგ, რომელმაც 1988 წელს, სეულში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, საქართველოს ოლიმპიადებზე ფარიკაობაში მონაწილე აღარ ჰყოლია. 26 წლის შემდეგ, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს კვლავ ეყოლება წარმომადგენელი, ოღონდ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანჯინგში ჩატარდება.
3-6 აპრილს, სოფია ფარიკაობაში კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც ქართველი სპორტსმენებიც ასპარეზობენ. აღნიშნული ტურნირი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ რიგით II ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება.
ვაჟთა შორის, ხმლით შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა ნიკოლოზ შენგელიამ და ნანჯინგში გასამგზავრებელი საგზურიც დაისაკუთრა. მან ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო, პლეი-ოფში უნგრელი და ბულგარელი მოწინააღმდეგეებიც დაამარცხა და საბოლოოდ მეცხრე ადგილზე გავიდა, რაც ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე, ნანჯინგის ლიცენზია პირველ რვა ადგილოსანზე განაწილდა, ევროპის ზონას კი მხოლოდ 4 საგზური ეკუთვნოდა. ალბათ ლოგიკურად იკითხავთ, ჩვენებურს მეცხრე ადგილით ნანჯინგის მატარებლის ბილეთი როგორ შეხვდაო? პასუხიც მარტივია. საქმე იმაშია, რომ დებულების თანახმად, ოლიმპიური ლიცენზია ამა თუ იმ ქვეყნის თითო წევრს ერგებოდა, პირველ რვაეულში კი ორი რუსი მოფარიკავე მოხვდა, რომელთაგან ერთი სალიცენზიო მარათონს ავტომატურად ჩამოშორდა და მისი ადგილი ნიკოლოზ შენგელიამ დაიკავა. ქართველთან ერთად ლიცენზიები ბერძენმა, რუსმა და რუმინელმა მოფარიკავეებმა მოიპოვეს და ეს ოთხეული ნანჯინგში პირადის გარდა გუნდურ ასპარეზობაში ევროპის სახელს დაიცავენ.
ეს სასიხარულო ინფორმაცია, ბულგარეთის დედაქალაქიდან, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ გვამცნო. მისი თქმით არის შანსი ნანჯინგის ლიცენზია გოგოებშიც მოვიპოვოთ, სადაც ძალებს ქრისტინე ნოზაძე, ელენე ნანობაშვილი და ანა აფრასიძე მოსინჯავენ.
„ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. პროგრამა მინიმუმი ლიცენზიის აღება იყო და ეს ამოცანა წარმატებით შევასრულეთ. ნიკოლოზ შენგელიას გამოსვლით კმაყოფილები ვართ და საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა. ამ წარმატებაში დიდია სეოკ-ის წვლილი, რომელმაც გუნდს სრულფასოვანი შეკრებები მოუწყო, ხოლო უშუალოდ ნიკოლოზ შენგელიას მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება ოლიმპიურმა კომიტეტმა დააფინანსა.
რაც შეეხება გოგონებს, სამივე კარგ ფორმაშია და შესწევთ ძალა ნანჯინგში მოსახვედრი ადგილებისთვის იბრძოლონ" - გვითხრა დავით სახვაძემ.
აქვე დავძენთ, რომ „ნანჯინგი 2014"-ზე ნიკოლოზ შენგელიას ლიცენზია ჩვენთვის მესამეა. პირველებმა, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა, ძიუდოისტებმა გაინაღდეს.






