სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
10 აპრილს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს - მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს მინისტრთან და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა უპასუხეს.
მემორანდუმის მიზანია - საქართველოში ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიური სახეობების შემდგომი განვითარება, მოსახლეობის ფართო ფენებში მათი პოპულარიზაცია, ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის აღნიშნული სახეობებით დაინტერესების ამაღლება, „სოჭი-2014\"-ის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და „ნანჯინგის-2014\"-ის (ჩინეთი) ზაფხულის II ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვის სათანადოდ მომზადება.
ასევე, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისა და ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლისათვის ხელშეწყობა, პირველი ევროპული თამაშების - „ბაქო-2015\"-ის სალიცენზიო ტურნირებისათვის მომზადება და მონაწილეობა, „ავსტრია-ლიხტენშტეინი-2015\" ზამთრისა და \"თბილისი-2015\"-ის ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადება.
სამინისტროს პრესსამსახური






