მძლეოსნობაში 3 ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება რეალურია
01 დეკემბერი 2011
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გრძელდება შეხვედრები სხვადასხვა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან. დღეს სეოკ-ის ოფისს მძლეოსნობის, ტაეკვონდოს, ნიჩბოსნობისა და ველოპსორტის ფედერაციათა ხელმძღვანელები სტუმრობდნენ.
,,დღესდღეობით ლონდონის ოლიმპიადის საგზურებისთვის 6 სპორტსმენი იბრძვის, რომელთაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულება შეუძლიათ. ამათგან ბირთვის მკვრელი მარიამ ქევხიშვილისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ვარჯიშობს ლიცენზიის მოპოვება ალბათ გარანტირებულია. გვეიმედება სპრინტერ დავით ილარიანის და სამხტომელ ლაშა ღულელაურისაც.
ეს უკანასკნელი უნიჭიერესი სპორტსმენია და შედეგებს დღითი დღე აუმჯობესებს. ურიგო შანსი არც ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს აქვს. მოკლედ ვფიქრობ სამი ლიცენზიის მოპოვება უტოპიას არ წარმოადგენს, პროგრამა მაქსიმუმი კი 4-5 საგზურია" - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილთან შეხვედრისას მძლეოსნობის ფედერაციის თავკაცმა ალექსანდრე ახვლედიანმა. მძლეოსნებს ოლიმპიადამდე ორი უმნიშვნელოვანესი სტარტი სტამბოლის მსოფლიოს ჩემპიონატი დახურულ დარბაზში და ჰელსინკში ევროპის პირველობა აქვთ.
ველოსპორტში გიორგი ნადირაძის იმედი გვაქვს, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტის ბესო ნადირაძის თქმით სალიცენზიო ნორმატივის შესრულება შეუძლია. სეოკ-ის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით გადაწყვეტილია მისი იტალიაში კერძოდ ვერონაში მდებარე ველოსპორტის კლუბში გაგზავნა სავარჯიშოდ, სადაც გამოცდილებასაც აიმაღლებს, ბევრი სტარტიც ექნება და ლიცენზიის აღების შანსიც გაიზრდება.
ნიჩბოსნობაში ზაზა ნადირაძე სეოკ-ის დაფინანსებით უკვე უკრაინაში იმყოფება შეკრებაზე და როგორც ფედერაციის მესვეურები ამბობენ ოლიმპიურ საგზურსაც უნდა შესწვდეს. სალიცენზიო ტურნირი ნიჩბოსნებს მაისის თვეში პოლონეთის ქალაქ პოზნანში ექნებათ.
რაც შეეხება ტაეკვონდოს აქ ოლიმპიური პერსპექტივები ცოტათი ბუნდოვანია.
ერთადერთი შანსი ქართველ ტაეკვონდისტებს ყაზანში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე აქვთ და იქაც მინიმუმ საპრიზო სამეულში უნდა მოხვდნენ.






