სეოკ-ის და ოლიმპიელთა კლუბის მორიგი აქცია
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გასვლითი ღონისძიებები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ახლადდანერგილი ტრადიციაა, რომლის მთავარი მიზანიც, ადგილობრივი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, მომავალი თაობებისთვის ოლიმპიური იდეალების გაცნობა და პროპაგანდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.
სეოკ-მა მსგავსი ტიპის აქციები უკვე განახორციელა სამცხე-ჯავახეთში, რაჭასა და კახეთში. ამჯერად კი მორიგი შეხვედრა, სეოკ-ის და საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის ორგანიზებით ქარელის რაიონში შედგა.
აქციაში მონაწილეობდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, შოთა ხაბარელი, კახი კახიაშვილი და ვახტანგ ბლაგიძე.
საპატიო სტუმრებმა, ქარელის #2 საშუალო სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი მდიდარი გამოცდილება, ისაუბრეს ზოგადად ქართული სპორტის მიღწევებზე, დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ ეხილათ ფილმი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთა გამარჯვებებზე, გაიმართა სხვადასხვა აქტივობები და სპორტული ვიქტორინა.
სეოკ-მა სკოლას გადასცა სპორტული და ტექნიკური ინვენტარი (ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის ბურთები და ბადეები, ტატამი, ვიდეო კამერა, ვიდეო პროექტორის კომპლექტი, ისტორიული რუკები საუკუნეების მიხედვით და ა.შ.), სხვადასხვა სახის სპორტული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე გამოცემული წიგნები და ა.შ.
მორიგ მსგავს ღონისძიებას, სეოკ-ი და ოლიმპიელთა კლუბი უახლოეს ხანებში გურიაში გეგმავს.






