სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

22 ივნისი 2018

 

 

23 ივნისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება 2 მნიშვნელოვანი ღონისძიება - ოლიმპიური დღე და საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი.
23 ივნისს, 11 საათზე საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს, კუს ტბის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აწყობს მასობრივ ოლიმპიურ გარბენს და სხვა საინტერესო სპორტულ აქტივობებს, რომლებიც ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის.

სხვებთან ერთად, გარბენში სტარტს აიღებენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვა ცნობილი სპორტსმენები. 

გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

ასევე, 23 ივნისს, 17:00 საათზე თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში შეიკრიბება ყველა დროის (1952-2018 წლები) ქართველ ოლიმპიელი.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე და საერთაშორისო ოლიმპიური დღის, 23 ივნისის დაწესების 70 წლისთავი - ეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი აერთიანებს ქართველ ოლიმპიელთა დიდ ფორუმს, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით ეწყობა.

ფორუმზე მოწვეულია ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელები, მათი ოჯახის წევრები.

საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს დაესწრებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები. 
ოლიმპიელთა ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები, მოსწავლეები და სტუდენტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი, სპორტის გულშემატკივრები.