მეორე ევროპული თამაშები. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მონაგარი 24 ივნისისთვის: 20 მედალი და გუნდური მესამე ადგილი

მინსკის მეორე ევროპული თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღე საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ახალი გამარჯვებებით აღნიშნა: ჩვენმა სპორტსმენებმა მედლები მოიპოვეს ძიუდოში, ტყვიის სროლასა და ბატუტზე ხტომაში, ევროპული თამაშების ქართული მონაგარი კი 16-დან 20 მედლამდე გაიზარდა.
წარმატებულ სვლას საფუძველი ჩაუყარეს ტყვიის მსროლელებმა. შერეულ წყვილებში მცირეკალიბრიანი პისტოლეტით 50 მეტრზე სროლაში დედა-შვილ ნინო სალუქვაძეს და ცოტნე მაჭავარიანს საკვალიფიკაციო სროლებისას 364 ქულით მეორე შედეგი ჰქონდათ, ნახევარფინალში 172 ქულით მესამე შედეგი აღმოაჩნდათ, ბრინჯაოს ფინალში 87,7 ქულით კი ევროპული თამაშების მესამე ადგილი დაიკავეს. ევროპულ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაო თავისთავად მნიშვნელოვანი, ამავე დროს - უპრეცედენტო და ისტორიული წარმატებაა, რადგანაც ამის გაკეთება შეძლო დედა-შვილმა.
ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს მედლები და ტიტულები არც აქამდე აკლდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მინსკში ნაჩვენებმა შედეგმა განსაკუთრებით გაახარა: „ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემს შვილთან - ცოტნესთან ერთად ვიდექი კვარცხლბეკზე. ჩვენ მოსამზადებლად ძალზე ცოტა დრო გვქონდა, თან ამ დისციპლინაში საქართველოში სავარჯიშო პირობები არ არის და ბაქოში გავიარეთ შეკრება. ამის მიუხედავად, ძალების მაქსიმალური მობილიზებისა და მონდომების ხარჯზე, შევძელით საპრიზო ადგილზე გასვლა."
ევროპულ თამაშებზე, სადაც სპორტის 9 სახეობას ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა აქვს, ხოლო ძიუდოში, კრივში და ბადმინტონში ასპარეზობები ევროპის ჩემპიონატის რანგით ტარდება, განსაკუთრებით წარმატებული დღე სწორედ საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ჰქონდა.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალამდე იპონით დაამარცხა რუმინელი, პოლონელი და ჰოლანდიელი მოწინააღმდეგეები და ამას 3 წუთზე ნაკლები დრო მოანდომა. ქართველი მძიმეწონოსანი ფინალში რუსეთის წარმომადგენელს ინალ ტასოევს დაუპირისპირდა და 1 წუთსა და 38 წამში წმინდად მოუგო, მოგვიანებით კი მისი გამარჯვების აღსანიშნავად მინსკის ულტრათანამედროვე „ჩიჟოვკა არენაზე" საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. (საინტერესოა, რომ ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირი ასევე ქართული ჰიმნით გაიხსნა, როცა 60 კგ წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა გაიმარჯვა).
„დღეს ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ცხადია, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეობა ჩემთვის საპასუხისმგებლო იყო და ორმაგად მობილიზებული ვიყავი, რათა ჩემი ქვეყანა და ხალხი გამეხარებინა. მით უმეტეს, ფინალში დაძაბული ბრძოლა გვქონდა ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების გამო. ამ გამარჯვებას ჩემს ქვეყანას და ქართველ ერს ვუძღვნი", - აღნიშნა გურამ თუშიშვილმა.
ჩემპიონობასთან ახლოს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანიც (100 კგ). მან ფინალამდე მონტენეგროელ, ბელარუს და ფრანგ მეტოქეებს იპონით აჯობა, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლა იპონითვე დათმო რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან. საბოლოოდ, ლიპარტელიანს ვერცხლის ჯილდო ერგო. მინსკში ჩვენმა ძიუდოისტებმა მეორე ევროპული თამაშების 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მიიღეს (გარდა ამისა, ევროპის პარალელური ჩემპიონატის ამედენივე მედალი ერგოთ) და ვაჟთა შორის საუკეთსეო შედეგი აჩვენეს. სამწუხაროდ, მედალოსანთა შორის ვერ მოხვდა ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა.
დღის ბოლოს საქართველოს მედლების ყულაბას თავისი წილი ჯილდო შემატა სამგზის ოლიმპიელმა, ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ. ლუბა საკვალიფიკაციო ხტომებში 98.200 ქულით საუკეთესო ექვსეულში მოხვდა და ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო. გოლოვინა გაცილებით უკეთ გამოვიდა ფინალში, სადაც 53.990 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა (25 ივნისს ლუბა გოლოვინასა და თეონა ჯანჯღავას ტანდემს სინქრონულ ხტომებში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება).
ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: „24 ივნისის მონაცემებით, ჩვენმა სპორტსმენებმა ოქროს 6, ვერცხლის 5 და ბრინჯაოს 9 მედალი მოიპოვეს და დღეისათვის საერთო გუნდურ ჩათვლაში ევროპის 50 ქვეყანას შორის მესამე ადგილზე ვართ. 20 მედალი 3 დღეში - ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. ჩვენ უკვე საგრძნობლად გავაუმჯობესეთ წინა ევროპული თამაშების შედეგი როგორც რიცხობრივად, ასევე ხარისხობრივად. ბაქოში სულ 16 მედალი გვქონდა, მათ შორის კი მხოლოდ 2 მედალი იყო ოქროსი.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მინსკში კიდევ არაერთი მედალი შეგვემატება, მათ შორის - კრივში, კანოეში, კარატეში და სპორტის სხვა სახეობებში. ხვალ თამაშებში ჩაებმებიან თავისუფალი სტილის მოჭიდავეები, 28 ივნისს დაიწყება ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ცხადია, ჩვენი მოჭიდავეებისგან ასევე ველით მედლებს. ჩვენი გუნდის სხვა წევრების წარმატება მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება."