ევროპული თამაშების ბოლოსწინა დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

29 ივნისი 2019

ევროპული თამაშების ბოლოსწინა დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან ვერცხლის ჯილდო დაისაკუთრა შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ). ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზური გუშინ მოიპოვა ავსტრიელი, სერბი და სომეხი მეტოქეების დამარცხებით. 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსან ჩვენს ფალავანს დღეს გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევთან მოუწია დაპირისპირება. ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლაში 3:1 გამარჯვება რუსს დარჩა, ბოლქვაძეს კი ვერცხლის მედალი ერგო.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ). ქართველმა ფალავანმა ერთი დღით ადრე იტალიელ და ხორვატ მოჭიდავეებს მოუგო, ნახევარფინალში კი უნგრელ ერიკ ტორბასთან დამარცხდა, მაგრამ დღეს რუმინელ რაზვან არნაუტსთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც წარმატებით გამოიყენა კიდეც.

დღესვე მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ რობერტ კობლიაშვილი (87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). მათ შორის, ფინალამდე გაიკვალა გზა მძიმეწონოსანმა ქაჯაიამ. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა გადამწყვეტ შეხვედრამდე ლიტველი, აზერბაიჯანელი და ნორვეგიელი ფალავნები დაამარცხა, ხვალ კი ოქროს მედლისთვის ბელარუს კირილ ჰრიშანკას დაუპირისპირდება.

მერვედფინალში სომეხ არტურ ალექსანიანთან წაგების შემდეგ, ხვალ მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მიეცა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსან რევაზ ნადარეიშვილს (97 კგ). აქ მისი მეტოქე ავსტრიელი დანიელ გასტლი იქნება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ბრინჯაოს ფინალში რუს ალექსანდრ გოლოვინს შეხვდება.

ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა რობერტ კობლიაშილმა  მინსკში პირველ წრეში წმინდად მოუგო ბერძენ მეტოქეს (10:0), მაგრამ მეოთხედფინალში ბელარუს რაზიკ კულიეუსთან მძიმე ბრძოლაში ქულებით (1:2) დამარცხდა. მომდევნო წრეში თავად კულიეუმ წააგო და  ამის გამო კობლიაშვილმა მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

საქართველოს ნაკრების მედლების ყულაბას საკუთარი წილი ჯილდო შემატა კარატისტმა გოგიტა არქანიამ (+84 კგ). მომავალმა მედალოსანმა ბელარუს მეტოქეს მოუგო, შემდეგ სერბ და ხორვატ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა ფრედ დაასრულა. არქანია ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლისთან დამარცხდა,თუმცა  ბრინჯაოს მედალი მაინც მოიპოვა, რადგან აქაც, ისევე როგორც კრივში, ნახევარფინალში გასვლა ავტომატურად მესამე ადგილის  ტოლფასია.

ხვალ, მეორე ევროპული თამაშების ბოლო საშეჯიბრო დღეს, გარდა იაკობ ქაჯაიასი, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ჩვენი მოკრივე სახილ ალახვერდოვი (49 კგ). საჩემპიონო დაპირისპირებაში ალახვერდოვის მოწინააღმდეგე იქნება სომეხი არტურ ოვანესიანი.