საინტერესო ღონისძიება ბაქოს სპორტსმენთა სოფელში
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მზადების პროცესში ბაქო-2019-ის საორგანიზაციო კომიტეტმა შეიმუშავა ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდა სპორტსმენთა ინფორმირება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სპორტისა და კულტურის შესახებ, ტრადიციების ურთიერთგაზიარება.
სეოკ-ის შუამდგომლობით, ამ პროგრამის ფარგლებში დამეგობრდნენ თბილისის 55-ე საჯარო სკოლა და ბაქოს 238-ე სკოლა. აზერბაიჯანულმა მხარემ ადგილობრივ მოსწავლეებს განსაკუთრებული მონდომებით შეასწავლა ტრადიციული ქართული ცეკვები და სიმღერები, საქართველოს კულტურა და ისტორია.
პროგრამის კულმინაციას წარმოადგენდა სპორტსმენთა სოფელში 25 ივლისს გამართული საზეიმო კონცერტი და საქართველოს სპეციალური კუთხის გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ოლიმპიური კომიტეტის და სეოკ-ის ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები და აზერბაიჯანის საჯარო სკოლების მოსწავლეები.