საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან თბილისში დაბრუნდა

23 სექტემბერი 2019

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან დღეს თბილისში დაბრუნდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წლის მთავარ შეჯიბრებაზე ოქროს 2,  ბრინჯაოს 1 მედალი და ოლიმპიური თამაშების 2 საგზური მოიპოვა.  მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა ბექა ლომთაძე (61 კგ), ბრინჯაოს მედალი ერგო ირაკლი მწითურს (92 კგ). პერტიაშვილთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მიიღო ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ), რომელიც  ექვსეულში შევიდა.

გულშემატკივრებთან ერთად მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი,  გენერალური მდივანი  ემზარ ზენაიშვილი,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე , სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები, მწვრთნელები, სხვადასხვა თაობის მოჭიდავეები.

„წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე  ჩვენმა მოჭიდავეებმა ჩინებული შედეგი აჩვენეს -   თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯამში ოთხი ოქრო და ორი ბრინჯაო აიღეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. დღეისათვის თოთოეულ საჭოდაო დისციპლინაში ჩვენ გვყავს ასევე ორ-ორი ოლიმპიური ლიცენზიანტი, ოლიმპიადაზე კი კაცთა შორის მედლების ექვს-ექვსი კომპლექტი თამაშდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ დროში, ორ სალიცენზიო ტურნირზე მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს, რომ ტოკიოში სრული შემადგენლობით გავემგზავროთ.  ახლო მომავალში, ჭიდაობის ფედერაციასთან და მწვრთნელებთან ერთად, ოლიმპიურ კომიტეტში დეტალურად განვიხილავთ საოლიმპიადო მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა პირველ რიგში შევძლოთ ლიცენზიანტთა რიგების შევსება, მერე კი უშუალოდ ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლა," - აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.