სოკ-ის სპორტის მენეჯმენტის კურსები
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით ჩატარდა 2019-2020 წლების სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) პირველი სემინარი, რომლის მუშაობაში ჩაერთო 15-მდე სხვადასხვა სპორტული ფედერაციისა და ორგანიზაციის 46 წარმომადგენელი.
სემინარი გახსნა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.
პროგრამის დირექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა სემინარის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მენეჯმენტის კურსების დანიშნულება, მიზნები და კურსების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელი მოთხოვნები.
წინა წლების მსგავსად, 2019-2020 წლების სპორტის მენეჯმენტის კურსები ძირითადად ითვალისწინებს თეორიულ ლექციებს სოკ-ის მიერ განსაზღვრულ მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე. კერძოდ, ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება და ფინანსები. მონაწილეებს აღნიშნულ თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინეს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.
პროგრამის მეორე სემინარი ჩატარდება 2020 წლის 7 თებერვალს. ექსპერტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების გარდა, თავად მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას მათი ორგანიზაციების საქმიანობის, არსებული გამოწვევებისა და მიზნების შესახებ.
კურსები დასრულდება 2020 წლის მაისში, ხოლო წარმატებული მსმენელები დაჯილდოვდებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომებით.
მენეჯმენტის კურსები 2014 წლიდან ტარდება და უკვე 80-მდე მონაწილემ შეძლო სოკ-ის დიპლომის მიღება.