ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია

15 დეკემბერი 2019

ოლიმპიურ პარკში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში გაიმართა ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - „ფალავნობა 2019", რომლის გამარჯვებული გახდა საჩხერელი ფალავანი ონისე ბუღაძე. ფინალურ შეხვედრაში მან გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა და ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. მესამე ადგილი ნიაზ დიასამიძემ დაიკავა, რომელსაც მეტოქე - ლაშა ტაველური ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.

ტურნირი წინასწარი შეხვედრებით დაიწყო, რის შემდეგაც გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფინალურ ბლოკში 4 წონითი კატეგორიის საუკეთესო ფალავნებმა საპრიზო ადგილები გაინაწილეს. 80 და 90 კგ წონით კატეგორიებში გამარჯვებულები გიორგი კაციაშვილი და ილია ბათურაშვილი გახდნენ. ლაშა ტაველურმა გაიმარჯვა 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო მძიმე წონოსნებში (+100 კგ) საუკეთესოს ტიტულს გიორგი ზაქარიაძე დაეუფლა.

აბსოლუტური ფალავნობის გამარჯვებულმა - ონისე ბუღაძემ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული ჯილდო - 33 000 ლარი მიიღო. ვერცხლის პრიზიორს, გიორგი ზაქარიაძეს 10 000 ლარი ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილოსანმა ნიაზ დიასამიძემ 5 000 ლარი გამოიმუშავა.

ფალავნობას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

 

„ფალავნობა 2019"

 აბსოლუტური

1.      ონისე ბუღაძე (იმერეთი)

2.      გიორგი ზაქარიაძე (იმერეთი)

3.      ნიაზ დიასამიძე (სამცხე-ჯავახეთი)

4.      ლაშა ტაველური (მცხეთა-მთიანეთი)

 

80 კგ

1.      გიორგი კაციაშვილი (შიდა ქართლი)

2.      ზაურ გაგნიძე (ქვემო ქართლი)

3.      გიორგი კანკავა (შიდა ქართლი)

 

90 კგ

1.      ილია ბათურიშვილი (კახეთი)

2.      გოგა ქევხიშვილი (კახეთი)

3.      თორნიკე ჯუღელი (თბილისი)

 

100 კგ

1.      ლაშა ტაველური (მცხეთა-მთიანეთი)

2.      გიორგი კობაიძე (თბილისი)

3.       ნიაზ დიასამიძე (სამცხე-ჯავახეთი)

 

+100 კგ

1.      გიორგი ზაქარიაძე (იმერეთი)

2.      ონისე ბუღაძე (იმერეთი)

3.      გიორგი ქავთარაძე (თბილისი)