ლოზანა-2020-ს 79 ქვეყნის 1791 მონაწილე ეყოლება

ლოზანის ზამთრის III ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს რეკორდულად ბევრი - 79 ქვეყნის 1791 მონაწილე ეყოლება. ეს მნიშვნელოვნად აღემატება საინაუგურაციო (ინსბრუკი-2012) თამაშებს, რომელშიც მონაწილეობდა 69 ქვეყნის 1059 ათლეტი, ხოლო მეორე თამაშებმა (ლილეჰამერი-2016) 70 ქვეყნის 1100 ოლიმპიელი შემოიკრიბა.
მონაწილეთა ზრდაზე მნიშნელოვანი როლი ითამაშა ორნაკადიანი სისტემის შემოღებამ, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ათლეტებისთვის ოლიმპიურ სოფელში სხვადასხვა დროს დარჩენას.
ლოზანაში პირველი ნაკადის გუნდებს უკვე მიესალმნენ. პირველი ნაკადის შეჯიბრებები 9-დან 15 იანვრამდეა, მეორე ნაკადისა - 16-დან თამაშების დახურვამდე - 22 იანვრამდე.
ოლიმპიელები შესახლებულები არიან ლოზანის უნივერსიტეტისთვის საგანგებოდ აგებულ საცხოვრებელში, რომელიც ზაფხულიდან დაახლოებით 1000 სტუდენტს, უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მის სტუმრებს დააბინავებს.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე დიდი 112-კაციანი გუნდით მასპინძელი შვეიცარია წარსდგება, 107 სპორტსმენი ეყოლება რუსეთს, ხოლო 96 ათლეტით წარსდგება აშშ. საქართველო თამაშებზე 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება 100 პროცენტით გენდერულად თანაბარი ზამთრის თამაშები, რომელშიც 15-დან 18 წლამდე ასაკის სპორტსმენები გამოვლენ.
მედლების პირველი კოპლექტი გათამაშდება 10 იანვარს. პირველ მედლებს გაინაწილებენ სუპერგიგანტში მოასპარეზე ქალი სამთოთხილამურეები. რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ ქალებისგან ესტაფეტას ჩაიბარებენ ვაჟები.
საგულისხმოა, რომ შეჯიბრების დასრულების შემდეგ, უშუალოდ შეჯიბრების ადგილებში გაიმართება მედალოსნებისთვის თილისმების გადაცემის ცერემონია, ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი კი მოგვიანებით, ლოზანაში საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე შედგება.