ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სათამაშოების კოლექცია დამზადდება

21 თებერვალი 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობით იქმნება სათამაშოები.

სათამაშოების  ნაწილი დაკავშირებულია სპორტის იმ სახეობებთან, რომელთა დებიუტიც  ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე შედგება ან რომლებიც ოლიმპიურ პროგრამას დაუბრუნდა. საუბარია მეკლდეურობაზე, კარატეზე, სკეიტბორდინგზე, სერფინგზე და ბეისბოლ/სოფტბოლზე.

ოლიმპიური კოლექციის შექმნაზე სათამაშოების მწარმოებელი ცნობილი ამერიკული კომპანია Mattel-ი იზრუნებს.

ამ პროექტის მიზანია მთელ მსოფლიოში ბავშვთა სპორტისადმი ინტერესის ამაღლება, ათლეტთა ახალი თაობის და გულშემატკივართა აღზრდა.

ტოკიოს თამაშებისთვის საგანგებოდ შექმნილი ბარბის თოჯინების კოლექცია სპორტის 5 ახალ სახეობას განასახიერებს. კომპლექტში ასევე შევა სპორტული ინვენტარი, ფორმა და ოლიმპიური მედლების ასლი.

ბიჭებისთვის გამზადებულია მანქანების მოდელები, რომლებიც დამშვენებული იქნება პოპულარული დისციპლინების პიქტოგრამებით, ხოლო სამაგიდო თამაშების მოყვარულებისთვის გამოვა ბანქო, რომელიც ტოკიო-2020-ის თილისმებით  გაფორმდება.  

სათამაშოების კოლექცია შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და გაყიდვაში გაზაფხულიდან გამოვა.